ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ( VLAP)

ვიზაფასილიტაციის შესაძლებლობები ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაში (ENP AP) პირველად 2016 წელს აღინიშნა. ვიზაფასილიტაციაზე საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყების საჭიროებას ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს საგანგებო შეხვედრის დასკვნებში, რომელიც 2008 წლის 1 სექტემბერს გაიმართა. ამავე წლის 27 ნოემბერს ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭომ დაამტკიცა ევროკავშირის კომისიის მანდატი – მოლაპარაკება დაეწყო საქართველოსთან ვიზაფასილიტაციისა და რეადმისიის ხელშეკრულებებზე. ამ ხელშეკრულებებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა 2010 წლის 17 ივნისს და 2010 წლის 22 ნოემბერს. ორივე მათგანი ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს.

ვიზაფასილიტაციის ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში მნიშვნელოვანი ზომები განხორციელდა საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ვიზის გაცემასთან მიმართებით: სავიზო მოსაკრებელი შემცირდა და გარკვეული კატეგორიები უფასოდ გაიცემა, მრავალჯერადი შესვლის ვიზების გაცემა გამარტივებულია, სავიზო განაცხადის დამუშავების დრო შემცირდა, დიპლომატიური პასპორტების მქონე პირები გათავისუფლდნენ სავიზო მოთხოვნებისაგან, დადგინდა მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი საბუთების სია და სხვა.

რეადმისიის ხელშეკრულების მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაძლიერება არალეგალური მიგრაციის დაძლევის კუთხით. იგი ასევე განსაზღვრავს არალეგალურ მიგრანტთა დაბრუნების პროცესის სამართლებრივ ჩარჩოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის ხელშეკრულების დანერგვა სიახლე იყო საქართველოსთვის (მთავრობას არ გააჩნდა შესაბამისი გამოცდილება და შესაძლებლობები ამ სფეროში), ქვეყნის მიერ ხელშეკრულების გაფორმება დადებითად შეაფასა ევროკავშირმა.

ვიზაფასილიტაციისა და რეადმისიის ხელშეკრულებათა დადების და სამართლის, სამოქალაქო უფლებებისა და უსაფთხოების სფეროებში წარმატებული რეფორმების განხორციელების შემდეგ, 2012 წლის ივნისში, ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის დიალოგი დაიწყო საქართველოსთან. 2013 წლის თებერვალში ევროპის კომისიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP). VLAP მოიცავს გარკვეულ ნიშნულებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს, რათა ბიომეტრიული პასპორტების მფლობელმა საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტით შესვლა უვიზოდ შეძლონ. VLAP აგებულია ოთხი სტანდარტული ბლოკის ირგვლივ (დოკუმენტის უსაფრთხოება, არალეგალური მიგრაცია, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, საგარეო საქმეები და ადამიანის უფლებები), რომლებიც საბოლოო ჯამში უნდა განხორციელდეს ორ ფაზად: პოლიტიკის ჩარჩო (კანონმდებლობა და დაგეგმვა) და შესაბამისი ზომების ეფექტიანი და მდგრადი განხორციელება. VLAP-ის ფაქტობრივ შესრულებას საქართველოს მიერ გააკონტროლებს ევროკავშირის კომისია (საქართველოს შესახებ ოფიციალური ანგარიშითა და ევროკავშირის შეფასების მისიებით), რომელმაც პროცესის მიმდინარეობაზე ანგარიში უნდა წარუდგინოს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს.

2013 წლის ნოემბერში ევროპის კომისიამ მიიღო პირველი ანგარიში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მეორე სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე და გეგმის პირველი ფაზით განსაზღვრული ნიშნულების ბოლომდე შესასრულებლად რეკომენდაციები წარმოადგინა. 2014 წლის ოქტომბერში კომისიამ მიიღო მეორე ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ შეასრულა პირველი ფაზის ნიშნულები და განიხილებოდა მეორე ფაზის განხორციელების დაწყება. ამ ანგარიშში ასევე ნათქვამი გახლდათ, რომ ნიშნულის მიერ განსაზღვრული საკნონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტების უსაფრთხოების შესახებ (ბიომეტრიული საბუთების ჩათვლით) და საზღვრის ინტეგრირებული მართვასთან დაკავშირებით, თითქმის დასრულებული იყო. საქართველო ასევე გარკვეულ წარმატებას აღწევდა პირველი ფაზის ნიშნულების განხორციელებაში მიგრაციის მართვასთან, თავშესაფართან, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებასთან, საგარეო ურთიერთობებსა და ძირითად უფლებებთან მიმართებით.

2014 წლის დეკემბერში საქართველომ წარადგინა განახლებული ანგარიში. დეკემბრიდან 2015 წლის მარტამდე კი შედგა კომისიის მისიები ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხივე ბლოკის შესაფასებლად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ექსპერტების ჩართვით და კომისიის, ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურისა (EEAS) და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის დახმარებით.

2015 წლის მაისში ევროპის კომისიამ გამოსცა მესამე ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე. კომისიამ შეაფასა საქართველოს მიერ VLAP-ის მეორე ფაზის ნიშნულების შესრულება ჩამოყალიბებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, შეფასების მისიათა საფუძველზე და საქართველოს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მიღწევები VLAP-ის ოთხ ბლოკთან მიმართებით მნიშვნელოვანი იყო და „აჩვენა ქვეყნის პასუხისმგებლობა და გაღებული ძალისხმევა“. ანგარიშის ძირითადი დასკვნით, „ოთხივე ბლოკში საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩოს ფუნქციონირება, ინსტიტუციური და ორგანიზაციული პრინციპებისა და პროცედურების ინტეგრაცია, ზოგადად, შეესაბამება ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებს“. ამგვარად, ევროკავშირის კომისიამ დაადგინა, რომ „საქართველომ დააკმაყოფილა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ნიშნულები“.

კომისიის გადაწყვეტილებით, შვიდი ნიშნული ბოლომდე შესრულებული იყო, ოთხი – თითქმის შესრულებული, ხოლო დანარჩენ ოთხთან მიმართებით საჭირო გახლდათ დამატებითი გაუმჯობესება. მიგრაციის სფეროს შესახებ გაიცა რეკომენდაცია: გაეგრძელებინა საქართველოს „მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც განსაზღვრავს უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლებებსა და მოვალეობებს და ევროკავშირის შრომით ბაზარზე წვდომის მარეგულირებელ წესებს“. ანგარიშში მითითებული საბოლოო რეკომენდაციების შესრულება საშუალებას მისცემდა მისცემს ქვეყანას, ბოლომდე განეხორციელებინა VLAP-ს მეორე ფაზის ნიშნულები. კომისია გააგრძელებდა საქართველოს მიერ VLAP-ის შესრულების მონიტორინგს და 2015 წლის ბოლოსთვის წარმოადგენდა ანგარიშს პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე ევროკავშირის კომისიის მე-4 ანგარიში 2015 წლის დეკემბერში მომზადდა. კომისიამ აღნიშნა, რომ საქართველომ შეასრულა VLAP-ის ყველა ნიშნული. შესაბამისად, იგი 2016 წელს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შესთავაზებდა საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით მიმოსვლის უფლება მისცემოდათ „ამ შეფასებაზე დაყრდნობით და მიმდინარე მონიტორინგისა და ანგარიშის შედეგების გათვალისწინებით, საქართველო აკმაყოფილებს საქართველო-ევროკავშირის 2012 წლის ივნისში ვიზალიბერალიზაციის დიალოგით განსაზღვრულ VLAP-ის მეორე ფაზის ოთხ ბლოკთან მიმართებით დათქმულ ყველა ნიშნულს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გათვალისწინებით, კომისია 2016 წლის დასაწყისში წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებას რეგულაცია (EC) No 539/2001 ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით.“ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დაამტკიცებენ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მრავალჯერადად შესვლას 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში.

ევროკომისია აგრძელებს ინტეგრირებული საზღვრის მართვის, მიგრაციის მართვისა და თავშესაფრის საკითხებზე ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. 2018 წლის დეკემბერში ევროკომისიამ ევროპარლამენტს და ევროსაბჭოს წარუდგინა მეორე ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში. აღნიშნული წლის განმავლობაში კომისია განაგრძობდა ვიზა ლიბერალიზაციის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს დაკავშირებულს საზღვრის ინტეგრირებულ მართვასთან, მიგრაციის მართვასთან და თავშესაფრის საკითხებთან. კომისიის სამუშაო დოკუმენტი თან ახლავს მეორე ანგარიშსს, რომელიც დაფუძნებულია პირველ ანგარიშში არსებულ ინფორმაციაზე და შეფასებებზე და მოიცავს ვიზა ლიბერალიზაციის ნიშნულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დეტალურ ანალიზს და სიახლეებს.

სასარგებლო ლინკები

პირველი ანგარიში

მეორე ანგარიში

მესამე ანგარიში

მეოთხე ანგარიში

პირველი ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში

კომისიის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც თან ახლავს პირველ ანგარიშს

მეორე ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში

კომისიის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც თან ახლავს მეორე ანგარიშს