საქართველოს კანონმდებლობა მიგრაციის შესახებ

საქართველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონდე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

2013 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობამ, მიგრაციის სახელმწიფო კომისიის (CSMI) ინიცირებით, წარმოადგინა კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. კანონი საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის მარტში მიიღო და ძალაში  2014 წლის 1 სექტემბერს შევიდა.

კანონის მიზანია: საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები; დაიცვას მიგრანტთა უფლებები;  ხელი შეუწყოს საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებს შორის ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ურთიერთობების განვითარებას; დაახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის სამართლის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ჩვეულებითი სამართლის პრინციპებთან; ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას  არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, კანონის ამოცანაა განსაზღვროს უცხოელთა საქართველოში ჩამოსვლის, ისევე როგორც, საქართველოს ტერიტორიაზე მათი გაჩერებისა და გამგზავრების სამართლებრივი ბაზა და პროცედურები. ამასთანავე, კანონის მიზანია აღმოფხვრას მიგრაციის კანონმდებლობაში არსებული ჩავარდნები, განსაკუთრებით კი უცხოელთა დეპორტაციის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები.

უცხოელთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შესახებ სახელმწიფოს ლიბერალური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში პირთა კანონიერად ყოფნის კონტროლის მექანიზმი არ იყო ეფექტიანი. შესაბამისად, არალეგალური და არაკონტროლირებადი მიგრაციის გამო, საჭირო გახდა საქართველოს სავიზო პოლიტიკის შეცვლა და ვიზის გაცემაზე პასუხისმგებელი სტრუქტურის განსაზღვრა. ამგვარად, 2014 წლის კანონით შემცირდა იმ სახელმწიფოების რიცხვი, საიდანაც უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში ვიზის გარეშე შემოსვლა, ასევე შეიზღუდა ქვეყნის ტერიტორიაზე მათი გაჩერების ხანგრძლივობა. კანონით განსაზღვრულია 180 დღიან პერიოდში არა უმეტეს 90 დღის ვადით გაჩერება მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით მოკლევადიანი ვიზების საფუძველზე. 2014 წლის სექტემბრიდან, უცხოელებმა, რომელთაც სჭირდებათ ვიზის აღება, უნდა მიმართონ საქართველოს წარმომადგენლობას შესაბამის ქვეყანაში. საქართველოს ვიზის გაცემა საზღვარზე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. გარდა ამისა, კანონით განისაზღვრა გადაადგილების შეზღუდვის და საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების შესახებ ახალი პროცედურები.

მოგვიანებით, კანონში რამდენჯერმე შევიდა შესწორება. ძირითადი ცვლილებები ეხება ბინადრობის წესების რეგულაციებს, კონკრეტულად კი, ცვლილებები შევიდა თანამემულის სტატუსის მქონე პირთა გრძელვადიანი ბინადრობის გაცემის სამართლებრივ საფუძვლებში და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მიზნით საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთის გამარტივებულ პროცედურებში.

საქართველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონდე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

ელექტრონული ვიზის პორტალი

2015 წლის დასაწყისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  ელექტრონული ვიზის პორტალი შექმნა, რომელიც ტურისტებსა და საქმიან ვიზიტით ჩამოსულ პირებს  საშუალებას აძლევს  მოკლევადიანი ვიზა გამარტივებული პროცედურით მიიღონ, რაც არ საჭიროებს საელჩოში ვიზიტს ან ორგინალი დოკუმენტების წარდგენას. გამარტივებული პროცედურები სამი ეტაპისგან შედგება: განაცხადის შეტანა, ელექტრონული გადახდის განხორციელება და ელექტრონული ვიზის ამობეჭვდა. ამგვარად, ელექტრონული ვიზა მარტივად მოსაპოვებელია ნებისმიერი ადგილიდან ინტერნეტ კავშირის მეშვეობით, იგი საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის ისეთივე უფლებას იძლევა, როგორც პასპორტში ჩასაკრავი ვიზა. თუმცა, პირის ეროვნებიდან გამომდინარე, შეიძლება დაწესებული იყოს კონკრეტული მოთხოვნები. აღნიშნული მოთხოვნების შესახებ ვიზიტორებს ინფორმაცია მიეწოდებათ საბუთების გამცემი ქვეყნისა და მგზავრობის თარიღების შერჩევისთანავე.  ელექტრონული ვიზის მფლობელებმა ყველა საჭირო დოკუმენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უნდა წარმოადგინონ.

მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონი

საქართველოს ახალი ორგანული კანონი მოქალაქეობის შესახებ 2014 წელს იქნა მიღებული. პირველი ორგანული კანონი 1993 შეიქმნა, თუმცა ექსპერტებმა და პრაქტიკოსებმა აღიარეს, რომ კანონი ვეღარ პასუხობდა მოქალაქეობასთან დაკავშირებით არსებულ თანამედროვე გამოწვევებს. ამას გარდა, კანონის ზოგიერთი რეგულაცია აღარ გამოიყენებოდა, რადგანაც სიტუაცია სრულად შეიცვალა. ეს ასპექტები და კანონის ტექსტში არსებული შეუსაბამობის წაშლის საჭიროება გათვალისწინებული იყო ახალი ორგანული კანონის შემუშავების პროცესში.

ახალი კანონი შეესაბამება გაერთიანებული ერების კონვენციას მოქალაქეობის არ მქონე პირთა შემცირების შესახებ (1961) და ეროვნების შესახებ ევროპულ კონვენციას (1997). მოგვიანებით, 2018 წლის ზაფხულში, კანონში დამატებით შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგალითად, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ რეგულაციები და გამარტივებული პროცედურებით და გამონაკლისის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები.

მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონი

კანონი საერთაშორისო დაცვის შესახებ

2017 წლის 1 თებერვლიდან, საქართველოს თავშესაფრის სისტემა საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონით რეგულირდება, რომელიც ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციასთან (და კონვენციის 1967 წლის პროტოკოლთან) სრულ შესაბამისობაშია და ითვალისწინებს  ევროკავშირის თავშესაფრის მარეგულირებელი კანონმდებლობის დებულებებს. კანონით განსაზღვრულია ზოგადი პრინციპები და განმტკიცებულია პროცედურული დაცვა თავშესაფრის პროცედურების ყველა ეტაპზე. ამას გარდა, კანონით გაწერილია შემოსვლის, გაჩერების და თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მფლობელთა მოპყრობის სტანდარტები საქართველოს ტერიტორიაზე, შექმნილია პროცედურები სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის, განსაზღვრულია თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებები, თავისუფლებები და ვალდებულებები. კანონით ასევე განსაზღვრულია შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და მათი საქმიანობის კოორდინირების წესები სამართლიანი და ეფექტიანი თავშესაფრის პროცედურების შექმნის მიზნით.

კანონი საერთაშორისო დაცვის შესახებ

კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ

საქართველოს მთავრობამ  კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ 2015 წელს მიიღო. კანონის მიზანი საქართველოში შრომითი მიგრაციის ეფექტიანი მექანიზმის შექმნაა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის ჩამოყალიბებას და არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევების აღმოფხვრას. ამას გარდა, პროცესი ხელს შეუწყობს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) საფუძველზე აღებული ვალდებულებების შესრულებას და ქვეყანაში შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირებას. კანონი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთა და საქართველოში ლეგალური სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირთა შრომით მოწყობას, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვით საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის პერიოდში. კანონი ასევე განსაზღვრავს საქართველოში მუდმივი ბინადრობის არ მქონე უცხოელ პირთა შრომით მოწყობასა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის შესრულებას. საქართველო ასევე გეგმავს შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი მექანიზმების ჩამოყალიბებას მომავალში.

საქართველოს კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი

2014 წლის 2 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები. კანონის მიღება ერთ-ერთი ვალდებულება იყო, რომელიც საქართველომ აიღო ევროკავშირთან გაფორმებული  ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულების მიზნით. კანონის მიღება არა მხოლოდ მნიშვნელოვანია VLAP-ის განხორციელებისთვის. საერთაშორისო საზოგადოებამ კანონის მიღება დადებით ნაბიჯად შეაფასა ადამიანის უფლებების შესახებ მაღალი სტანდარტის დაწესებისა და ზოგადად, საქართველოს საზოგადოებაში თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით. დოკუმენტის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

2019 წელს, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური გარანტიები. შესწორება შევიდა კანონის როგორც პროცედურულ, ასევე მატერიალურ-სამართლებრივ ასპექტებში. კონკრეტულად კი, კანონი კრძალავს/სანქციებს აწესებს ძალადობის და სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე. ამავდროულად, უკეთ დაცულია ყველა პირის თანაბარი მოპყრობის პრინციპი შრომით და წინა სახელშეკრულებო ურთიერთბებში, განათლებაში, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში. კანონი კრძალავს არა მხოლოდ დისკრიმინაციის წაქეზებას, იძულებას და ხელშეწყობას, არამედ ასევე დისკრიმინაციის შესახებ დავალების მიცემას. ამასთანავე, გაიზარდა სასამართლოში გასაჩივრების ვადა (სამი თვიდან 1 წლამდე), გაძლიერდა საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი  პირებთან მიმართებაში: იურიდიული პირის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის შეუსრულებლობის ან არ გაზიარების შემთხვევაში, სახალხო დამცველს უფლება აქვს ასეთი პირის წინააღმდეგ აღძრას სარჩელი სასამართლოში და მოითხოვოს რეკომენდაციების შესრულება. პარალელურად, დისკრიმინაციის ჩამდენ პირს ეკისრება ვალდებულება მიაწოდოს სახალხო დამცველს ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი საჯარო სტრუქტურაა, რომელიც საქართველოში  2019 წლის 10 მაისიდან ფუნცქიონირებს, როგორც პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის სამართლებრივი მემკვიდრე. სტრუქტურის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლი; ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი; სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება; საჯარო მოხელეების მიერ  ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, რომელიც ეხება ძალადობის გამოყენებას ან მსხვერპლის ღირსების შელახვას.

კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ  2018 წლის ივლისშია მიღებული. თავდაპირველად, სამსახურის საგამომძიებლო ორგანოს ფუნქციონირება 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა თარიღი ჯერ 1 ივლისისთვის, ხოლო შემდეგ კი 2019 წლის 1 ნოემბრისთვის გადაიდო.

სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის და სხვა საჯარო მოხელის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამოძიება ეფექტიანად მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 1 ნოემბრიდან. საქართველოს კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ უფლებამოსილებას აძლევს ორგანოს ჩაატაროს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება მსგავს  შემთხვევებზე. სელმწიფოს მხრიდან მსგავსი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შემუშავება საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლება დამცველი ორგანოებისა და ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა.

საქართველოს კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია

საქართველოს პარლამენტმა  2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014 წლის 30 აპრილს მიიღო. სტრატეგიის ძირითადი პრინციპია საქართველოს ყველა მოქალის  ადამიანის უფლებათა დაცვა და განხორციელების ხელშეწყობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. დოკუმენტში ასევე მოცემულია მთავრობის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები ადამიანის უფლებების უზრუნველყოფასთან მიმართებაში და ითვალისწინებს პროგრესული და ერთიანი, მულტი-სექტორული პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიცაა ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცება სახელმწიფო სტრუქტურებში და ზოგადად, „კარგი მმართველობის“ პრინციპის გატარება ქვეყანაში. დოკუმენტი ძირითადი ინსტრუმენტია, რომლითაც განსაზღვრულია მთავრობის ადამინის უფლებათა პრიორიტეტები და სტრატეგიული მიმართულებები. კონკრეტულად კი, იგი ემსახურება შემდეგი მიზნების მიღწევას: ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად აუცილებელი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მოთხოვნებთან სრული შესაბამისობა; ადამიანის უფლებების და მათი პრაქტიკაში რეალიზების შესახებ ფართო მასშტაბიანი ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმართვა; და  სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებების ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელება. ზოგადად, საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების მუდმივი და სრულყოფილი დაცვაა.

სტრატეგია მოუწოდებს მთავრობას შეასრულოს ძირითადი მოვალეობები საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვის კუთხით, კონკრეტულად კი უზრუნველყოს: ადამიანის უფლებების უშუალოდ სახელმწიფოს მხრიდან დაურღვევლობა; სხვა პირთა მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისგან დაცვა; სისტემის შექმნას, რომელიც ადამიანებს საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას მისცემს; და ადამიანების სათანადოდ ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ. გრძელვადიანი მიზნების მიღწევის მიზნით, სტრატეგია ითვალისწინებს გარკვეული საკანონმდებლო, ინსტიტუციონალური და პრაქტიკული ცვლილებების განხორციელებას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. 2014-2020 წლებისთვის, სხვა საკითხებს შორის, ასევე პრიორიტეტულ მიმართულებადაა განსაზღვრული მიგრანტების უფლებების დაცვა.

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია.