დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

10551544_710004715714058_962956674862002110_o

ინტერვიუ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, ბატონ გელა დუმბაძესთან

ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მიგრაციის პროცესების დარეგულირებისა და მართვის მხრივ. რა როლს თამაშობს ამ სფეროში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი?

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი არის მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყება. მიგრაციის უკეთ მართვასთან დაკავშირებული წინ გადადგმული ნაბიჯები კომისიის წევრი უწყებების ერთობლივი და შეთანხმებული ძალისხმევის შედეგია. პროცესის სწორად წარმართვა  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც მიგრაციის მართვის გაუმჯობესება და საერთაშრისო სტანდარტებთან მიახლოება ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხის მისწრაფების განხორციელებას – ეროპასთან ინტეგრაციას.

დიასპორის აპარატის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს საზღვარგარეთ მყოფ ქართულ დიასპორებთან კავშირის დამყარება და შენარჩუნებება. რა განსაზღვრავს თქვენს პრიორიტებებს ამ მხრივ? დიასპორის სიდიდე ამა თუ იმ ქვეყანაში, მათი ჩართულობის დონე, მათი დაუცველობის ხარისხი თუ სხვა რამ?

თქვენთვის ცნობილია, რომ ქართული დიასპორა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი. საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების რაოდენობა, დაუზუსტებელი მონაცემებით, 1,5 მილიონზე მეტს შეადგენს. საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი თანამემამულეების ინტელექტუალური, ეკონომიკური თუ ადამიანური რესურსის ჩართვა სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში. ჩამოყალიბების პერიოდის მხრივ ქართული დიასპორა იყოფა ისტორიულ და თანამედროვე დიასპორად: ისტორიულად მიიჩნევა დიასპორა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა პროცესის შედეგად ყალიბდებოდა, ხოლო თანამედროვედ შეიძლება განხილულ იქნას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991 წ.) წარმოქმნილი დიასპორა. დიასპორის ჩამოყალიბების განსხვავებული წინაპირობისა და პროცესის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა დიფერენცირებული მიდგომა: ერთი მხრივ, ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც საერთოა ყველა ქვეყნისა და სოციალური ჯგუფისათვის, და, მეორე მხრივ, ის ღონისძიებები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული დიასპორული ორგანიზაციის სპეციფიკითაა განპირობებული. შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატი პრიორიტეტებს განსაზღვრავს მიზანმიმართულად, როგორც დიასპორის სიდიდის, თანამემამულეთა ჩართულობის, დაუცველობის თუ სხვა მაჩვენებლის მიხედვით.

ხომ ვერ გაიხსენებდით ქართული დიასპორის მიერ საქართველოში ან საზღვარგარეთ განხორციელებულ ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან აქტივობას ან ინიციატივას?

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ღირსეული სოლიდარობა თბილისში დატრიალებულ ტრაგედიასთან მიმართებაში. დამანგრეველი სტიქიის შემდეგ ჩვენი თანამემამულეების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცენდენტო თანადგომა: ყოველდღიურად სახელმწიფო მინისტრის აპარატში შემოდის ზარები სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების დახმარების სურვილით. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილია პუნქტები, სადაც ქართველები აგროვებენ საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებს საქართველოში გამოსაგზავნად. გარდა ამისა, ჩვენი თანამემამულეები ატარებენ საქველმოქმედო კონცერტებს და აუქციონებს, შემოსულ თანხებს კი დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად რიცხავენ. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაუხადეს მიცვალებულთა ხსოვნას. ბოლო პერიოდში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიღებთ მთავარ და ძლიერ შეტყობინებას, რომ ჩვენი დიასპორა არის სამშობლოს გვერდით.

ყოველი წლის 27 მაისს, დიასპორის აპარატი აღნიშნავს დიასპორის დღეს. რატომაა ამ დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანი თქვენი აზრით და რა ღონისძიებები მოეწყო წელს აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით?

ქართული დიასპორის დღის აღნიშვნით სახელმწიფო კიდევ ერთხელ ეუბნება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომ მას ახსოვს და ზრუნავს ქართულ დიასპორაზე. წელს, დიასპორის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში 27-29 მაისს, გაიმართა თვისობრივად განხვავებული ღონისძიებები. უპირველეს ყოვლისა, ჩატარდა პირველი პროფესიული დიასპორული ფორუმი, რომელსაც გასდევდა კონკრეტული მოწოდება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისადმი ,,გაუზირე გამოცდილება სამშობლოს“.

ფორუმის მიზანს წარმოადგენდა დიასპორასა და სამშობლოს შორის . პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სხვადასხვა პროფესიის თანამემამულეები, სასულიერო პირები, საქართველოს ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ფორუმი სიტყვით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. დიასპორული ფორუმის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩვენი თანამემალუეები დალოცა და მათ საქართველოში მალე დაბრუნება უსურვა.

ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა, მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ, კაპიტალ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ლაშა ხოფერიამ, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD ) პროექტის დირექტორმა ვიოლეტა ვაგნერმა და საერთაშორისო დიასპორული ჩართულობის ალიანსის (IdEA) წარმომადგენელმა სარა გალაგერმა.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსთან, მემორანდუმები გაფორმდა.

დიასპორის დღესთან დაკავშირებით ასევე გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება – საზღვარგარეთ მოღვაწე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, კლასიკური მუსიკის კონცერტი, ლიტერატურულ და სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოება, სამშობლოში განხორციელებულ ინოვაციათა გასაცნობი ტური.

დიასპორის დღის ფარგლებში გამართული კვირეული იყო ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოს განვითარებაში ჩართვას ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს.

სწორედ ჩართულობის გასაძლიერებლად ვმუშაობთ სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე, მათ შორის აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა დიასპორის ფულად გზავნილებთან (რემიტანსებთან) მიმართებაში. სრულდება მუშაობა პუბლიკაციაზე, რომელიც დაეთმობა დიასპორის ჩართულობის, შესაბამისი საინვესტიციო და ფინანსური მექანიზმების დანერგვა-გაძლიერებას.

აღსანიშნავია, რომ სწორედ პროფესიულ ფორუმზე, 27 მაისს წარვადგინეთ ჩვენი კიდევ ერთი პუბლიკაცია ,,სახელმწიფო და დიასპორა: საერთაშორისო გამოცდილება“ რომელიც მიმოიხილავს სხვადასხვა სახელმწიფოს გამოცდილებას საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის და თანამშრომლობის კუთხით.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი უკვე წლებია თანამშრომლობენ. რომელ სფეროშია კონკრეტულად თქვენი აზრით ეს თანამშრომლობა ყველაზე ნაყოფიერი?

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშრისო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთობლივად, როგორც ერთმა გუნდმა გავაანალიზეთ თანამშრომლობის პერსპექტივა და დავსახეთ ამოცანები. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამორჩეულად აფასებს ICMPD-ს გუნდის თითოეული წევრის გულწრფელ ინტერესს, ძალისხმევას და მოწადინებას, რომ საქართველოს სახელმწიფომ საერთაშორისო სტანდარტების მიდგომა განავითაროს მიგრაციის მართვის დროს. ჩვენი უაღრესად დადებითი დამოკიდებულება გამოვხატეთ 27 მაისს, როდესაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშრისო ცენტრის პროექტის მენეჯერს, ქალბატონ ვიოლეტა ვაგნერს, გადავეცით სპეციალური ჯილდო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან.

მიმდინარე ეტაპზე სრულდება მუშაობა ერთობლივ პროექტზე – ონლაინ სკოლაზე. ეს გახლავთ პროექტი, რომელიც ჩვენ მრავალ თანამემამულეს საშუალებას მისცემს ელექტრონულ რეჟიმში, პირდაპირი ჩართვებით განხორციელებული გაკვეთილების დროს შეისწავლოს ქართული ენა, ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია. ასევე, ICMPD-ს გუნდთან ერთად ვიწყებთ ახალი პროგრამის დაგეგმვას, რომელიც მიმართული იქნება მაღალკვალიფიციური დიასპორის სამშობლოში ჩართულობის ხელშეწყობისკენ. მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი გეგმა გვაქვს. ჩვენი თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება ერთობლივად დასახული ამოცანების კვლავ წარმატებით განორციელებას გვიჩვენებს.