ევროკავშირის წარმომადგენელობა საქართველოში

dimitrovინტერვიუ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელთან საქართველოში ბატონ, ფილიპ დიმიტროვთან

ENIGMMA: გთხოვთ, მოკლედ აღწერეთ საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის ბოლო მიღწევები?

ნი. ფილიპ დიმიტროვი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო, მალევე საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენიდან. საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობები პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებით რეგულირდება, რომელსაც 1996 წელს მოეწერა ხელი. 2004 წელს საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. 2009 წლის გაზაფხულზე, ევროკავშირმა დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობა საქართველოში, ისევე როგორც სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვეთსა და უკრაინაში პოლიტიკური და სოციო–ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის მიზნით. აღმოსავლეთ პარტნიორობით მოიაზრება უფრო მყარი პოლიტიკური ასოცირება ევროკავშირთან, კერძოდ კი ახალი ასოცირების ხელშეკრულებების გაფორმების პერსპექტივა და ევროკავშირის ეკონომიკაში ინტეგრირება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონით. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქეთრინ ეშტონმა, 2010 წლის 15 ივლისს, ბათუმში, ევროკავშირი–საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე დაიწყო მოლაპარაკება. 2013 წლის ივლისში, ევროკავშირმა და საქართველომ დაასრულეს მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონის თაობაზე და ასოცირების ხელშეკრულებას ოფიციალურად რამოდენიმე დღის წინ, 27 ივნისს მოეწერა ხელი.

ENIGMMA: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა დღეს დისკუსიის საგანია. რატომ არის ეს ხელშეკრულება მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

ნი. ფილიპ დიმიტროვი: უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ევროპაში ინტეგრირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ხელშეკრულება არ წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოპალარაკების საბოლოო ეტაპს, არამედ იგი ახალი ფაზაა, ახალი ისტორიის დასაწყისია. ასოცირების ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის ასპექტებით საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის ბიზნესისათვის. თუმცა, იგი ასევე ქმნის მეტი რეფორმებისა დამუშაობის საჭიროებას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი და საქართველოც მყარად იდგნენ არჩეულ კურსზე და შეინარჩუნონ დემოკრატიულ ღირებულებებისაკენ სწრაფვა.

ENIGMMA: მიგრაციის საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ხშირად მიგრაციის მართვის სფეროში პროგრესის შეფასების მექანიზმად მოიაზრება. რა არის ამ დოკუმენტის მთავარი მახასიათებლები და რას მოიტანს იგი?

ნი ფილიპ დიმიტროვი: საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მიგრაციის მართვის კუთხით. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ამ პროცესს. 2007 წლის 16 მაისს ევროკომისიამ გამოსცა კომუნიკე, „ცირკულარული მიგრაცია და პარტნიორობა მობილურობისათვის ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის“, რომლის მიზანია ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, მიგრაციის დინების მართვა (რეგისტრაცია, მონიტორინგი, ანალიზი, პოლიტიკის განსაზღვრა), ლეგალური გადაადგილების შესაძლებლობების შექმნა და არაკანონიერი მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. პარტნიორობა მობილურობის შესახებ ხელშეკრულების ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ევროკავშირის 16 წევრ ქვეყანას შორის 2009 წლის 30 ნოემბერს მოეწერა ხელი. ინიციატივის „პარტნიორობა მობილურობის შესახებ“ მიზანია მიგრაციის საკითხებზე თანამშრომლობა, როგორიცაა მიგრაციის მართვა, შრომითი მიგრაცია, რეადმისია, რეინტეგრაცია, დიასპორა, დოკუმენტების უსაფრთხოება, მიგრაციის ერთიანი მონაცემთა ბაზა და ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირთან, შრომითი ბაზარი და პროფესიონალური კვალიფიკაციების აღიარება. 2011 წელს ძალაში შევიდა ორი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება ვიზის ფასილიტაციის და რეადმისიის შესახებ. შედეგად, 2002 წელს,  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყო. ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის განხორციელების ხელშესაწყობად საქართველომ მრავალი რეფორმა გაატარა. შესაბამისად, 2013 წლის 25 თებერვალს, ევროკომისარის სესილია მალსტრომის ვიზიტის განმავლობაში, საქართველოს მთავრობას ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა. სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია ვიზის ლიბერალიზაციის უზრუნველსაყოფად საქართველოს მიერ განსახორციელებელი სამომავლო ნაბიჯების ნუსხა ოთხი სტანდარტული მიმართულების თანახმად (დოკუმენტების უსაფრთხოება, არალეგალური მიგრაცია; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; საგარეო საქმეები და ადამიანის უფლებები). ამ ნაბიჯების წარმატებული განხორციელებით საქართველოს მთავრობა შეძლებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ დაიწყოს მოლაპარაკება.

ENIGMMA: რას ელით პროექტიდან ENIGMMA, რომელიც წინა დეკემბერს დაიწყო?

ნი ფილიპ დიმიტროვი: ENIGMMA პროექტია ეგრეთ წოდებული „მეტი მეტისათვის“ პროგრამის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მიგრაციის მართვის სისტემის გაძლიერებას, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის მიერ მიგრაციის სტრატეგიაში დასახული პრიორიტეტების და ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ძირითადი მიმართულებების გათვალისწინებით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტების აქტიური ჩართულობით მხარს დაუჭერს საქართველოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და ინსტიტუციონალური რეფორმების გატარებაში მიგრაციის მართვის შემდეგ სფეროებში: ლეგალური მიგრაცია, ადამიანის ძირითადი უფლებები, ანალიტიკური შესაძლებლობები და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიგრაციის პოლიტიკის ჩამოყალიბება.

ENIGMMA: რა არის საჭირო პროგრამის „მეტი მეტისათვის“ განსახორციელებლად საქართველოში?

ნი ფილიპ დიმიტროვი: როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ჩართული სააგენტოები, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოება დასახული მიზნების ერთგულნი დარჩნენ და გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა და ჩართულობა. მხოლოდ ასეთი თანამშრომლობა გახდება საუკეთესო პრაქტიკის წარმატებული გაცვლის და საქართველოში მიგრაციის მართვის სფეროს შემდგომი გაუმჯობესების მყარი საფუძველი.

ENIGMMA: დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ.

2014 წლის აპრილი, თბილისი, საქართველო