მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემა

საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის მიხედვით, მნიშვნელოვანია გარე და შიდა მიგრაციაზე მონაცემების შეგროვება და შესაბამისი გაანალიზება ამ პროცესების სათანადოდ მართვისა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან პროცედურათა ჩამოყალიბებისთვის. საქართველოში მიგრაციის მართვის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა მიგრაციის მონაცემთა ანალიზის ერთიანი სისტემის არარსებობა. ეს გავლენას ახდენს მიგრაციის მონაცემთა გაცვლასა და გაზიარებაზე, მათ კომპლექსურ ანალიზსა და მიგრაციის სტატისტიკის განახლებაზე, რასაც თავის მხრივ გავლენა აქვს მიგრაციის პოლიტიკის განხორციელებაზე სანდო და სათანადოდ გაანალიზებულ მონაცემებზე დაყრდნობით. ამჟამად, საქართველოში მოქმედი მიგრაციის მონაცემთა ბაზები არაკოორდინირებულია, სამინისტროებისა და დაწესებულებების სხვადასხვა ადგილზე განლაგების გამო. შესაბამისად, გადაწყდა მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემის (UMAS) ჩამოყალიბება ამ სფეროსთან დაკავშირებულ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზისათვის, რაც საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების კომპეტენციაა.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს (SCMI) მიერ UMAS-ის ჩამოსაყალიბებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მასში გაერთიანდნენ: იუსტიციის სამინისტროს (MoJ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (PSDA), შინაგან საქმეთა სამინისტრო (MIA), საგარეო საქმეთა სამინისტრო (MFA), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (MRA), შორმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (MoLHSA), სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, ICMPD-ის და IOM-ის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი პასუხისმგებელია ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მიიღებენ UMAS-ის ჩამოყალიბების პროცესში.

UMAS-ის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით შემდეგი ღონისძიებები განხორციელდა:

  • სამუშაო ჯგუფმა განიხილა და დაამტკიცა ICMPD-სა და IOM-ის მიერ შემოთავაზებული სამუშაო გეგმა. ICMPD-მ და IOM-მა დაასახელა ევროკავშირის ორი ექსპერტი, რომელთაც SCMI-ს სამდივნოსა და იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების თანამშრომლებთან ერთად შეადგინეს სამუშაოს აღწერილობა. დუბლიკაციის თავიდან ასარიდებლად, IOM-მა ექსპერტი აიყვანა შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით (ნორვეგიიდან), ICMPD-მ კი ევროკავშირის ექსპერტი მოიწვია ტექნიკურ საკითხებზე სამუშაოდ (ავსტრიიდან). მათ შეაფასეს არსებული მონაცემთა ბაზები, ამ მონაცემთა ბრუნვა, მათი არქიტექტურა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აპარატურა UMAS-ის შექმნისათვის. ამ მიზნით ექსპერტთა მისია საქართველოში 2014 წლის აგვისტოში გაიმართა. ისინი შეხვდნენ შესაბამის საჯარო დაწესებულებათა პოლიტიკის, მმართველობის და ტექნიკურ თანამშრომლებს. ექსპერტებმა გამოკვეთეს UMAS-ის ჩამოყალიბების წინაპირობა, ადრე ჩატარებული შესაძლებლობათა კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამას გარდა, მათ ერთობლივად შეიმუშავეს რეკომენდაციები საქართველოში UMAS-ის შექმნასთან დაკავშირებით, რომელთა საბოლოო ვერსია SCMI-ს გადაეცა 2014 წლის ოქტომბერში.
  • მიგრაციის მონაცემთა მართვის არსებული მდგომარეობის შეფასების შემდეგ, ესტონეთსა (2015 წლის 9-13 თებერვალი) და ავსტრიაში (2015 წლის 23-27 მარტი) სასწავლო ვიზიტები შედგა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიგრაციის მონაცემთა მართვის სისტემების გასაცნობად და საქართველოში ამ მოდელის ადაპტირებისა და გამოყენების გასაანალიზებლად.
  • 2015 წლის 19-20 მაისს სამუშაო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გაიმართა შეფასებისა და სასწავლო ვიზიტის შედეგების განსახილველად. შედეგად, სამუშაო ჯგუფმა SCMI-ს შესთავაზა UMAS-ის მოდელი. ჩამოყალიბდა და დამტკიცდა სამუშაო ჯგუფის ღონისძიებათა დეტალური სამოქმედო გეგმა და მონაცემთა ბაზის შესაქმნელად საჭირო ბიუჯეტი. SCMI/PSDA, ICMPD, IOM-სა და EUD-ს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირის ინიციატივა „მეტი მეტისათვის“ დაფარავს ადამიანური რესურსების ხარჯებს (ეროვნული ექსპერტების ხარჯები, რომლებიც იმუშავებენ UMAS-ის შექმნაზე), ხოლო PSDA დაფარავს პროგრამებისა და აპარატების შესყიდვის ღირებულებას. 2015 წლის დეკემბერი – 2016 წლის მარტის პერიოდში ICMPD-ის პროექტმა ENIGMMA-მ აიყვანა 7 ადგილობრივი ექსპერტი – ერთი სამართლებრივ საკითხებზე, ხოლო ექვი IT ექსპერტი.
  • 2015 წლის 28 სექტემბერს, PSDA-მ გამოაცხადა ტენდერი პროგრამულ და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, რომელიც 2016 წლის მარტში დასრულდა. შესაბამისი აპარატურა PSDA-ს 2016 წლის მარტი-აპრილში გადასცეს.
  • UMAS-ის სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით გაიმართა ორი ღონისძიება 2016 წლის 10-11 აგვისტოს და 2016 წლის 2-4 ნოემბერს. მონაცემთა დაცვის საკითხები და UMAS-ს მუშაობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები დეტალურად იყო განხილული ღონისძიებაზე სამართლის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით.
  • 2017 წლის იანვარი-თებერვალში შემუშავდა ურთიერთგაგების მემორანდუმი PSDA-ს და ყველა ჩართული სახელმწიფო სტრუქტურებს შორის მონაცემთა გადაცემის შესახებ. მემორანდუმს 2017 წლის მარტი-აპრილში მოეწერება ხელი.
  • UMAS-ის სატესტო ვერსია შეიქმნა 2016 წლის დეკემბერში. პირველი ფაქტობრივი მონაცემების შეტანა სისტემაში 2017 წლის თებერვალში დაიწყო.

UMAS-ის საბოლოო ვერსია 2017 წლის ივნისში იქნება მზად.

ამ კომპონენტის ყველა ღონისძიება ხორციელდება საქართველოს დაინტერესებულ მხარეებსა და IOM-თან მჭიდრო თანამშრომლობით.