საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

ინტერვიუ იუსტიციის მინისტრთან, ქალბატონ თეა წულუკიანთან

ENIGMMA: მიგრაციული პროცესების მართვა ერთ-ერთი პრიორიტეტთაგანია საქართველოს მთავრობისათვის. რა განაპირობებს მის ასეთ მნიშვნელობას?

ქ-ნი თეა წულუკიანი:ყოველ თანამედროვე ტიპის სახელმწიფოში მწვავედ დგას მიგრაციული პროცესების ჯეროვანი მართვის აუცილებლობა. ამ მხრივ, გამონაკლისი არც გეოპოლიტიკურად საკვანძო მდებარეობის მქონე საქართველოა. ერთ დროს წარმოშობის ქვეყანა დღეს მიგრანტთათვის ტრანზიტისა და/ან დანიშნულების ადგილად იქცა. ევროკავშირთან დაახლოების კვალდაკვალ, სახელმწიფო, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მიგრაციის მართვას; ცდილობს, სწორად შეაფასოს ამ სფეროში არსებული გამოწვევები და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილებები. საქართველოს მთავრობის მიზანია, მიგრაციასთან დაკავშირებული საქმიანობა საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვითა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების გათვალისწინებით წარმართოს. მხოლოდ ამგვარი პოლიტიკის გატარებით შეძლებს სახელმწიფო, მიიღოს და თავის საკეთილდღეოდ გამოიყენოს მიგრაციის დადებითი ეფექტი.

უკანასკნელ წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესების თვალსაზრისით. 2010 წელს ევროკავშირის რეკომენდაციით ჩამოყალიბებულმა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ საგრძნობი ევოლუცია განიცადა და სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელ ძირითად ორგანოდ გარდაიქმნა. იგი, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების ჯეროვნად შესრულების საქმეშიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2012-13 წლებში განხორციელებული საქმიანობა, როდესაც განისაზღვრა და დამტკიცდა ქვეყნის მიგრაციის სტრატეგია და დაიწყო მისი პრაქტიკული იმპლემენტაცია. სტრატეგიის მიღებიდან მოკლე ხანში შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ ერთობლივად შემუშავდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალი კანონი.

კომისია ამჟამად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის დახმარებით ევროკავშირის პროგრამის – „მეტი მეტისთვის“ – ფარგლებში მუშაობს კანონზე შრომითი მიგრაციის შესახებ. მიგრაციის ამ დარგის რეგულირება აქტუალური საკითხია საქართველოსთვის. სახელმწიფო ინტერესებისა და ეროვნულ შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კანონი დაარეგულირებს ქვეყანაში უცხოელთა შრომით საქმიანობასთან დაკავშირებულ აქამდე მოუწესრიგებელ საკითხებს.

ENIGMMA:რას იტყვით მიგრაციის სფეროში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე?

ქ-ნი თეა წულუკიანი:2014 წლის 5 მარტს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის თვისობრივად ახალ და საერთაშორისო სტანდარტებს მისადაგებულ ნორმებს ადგენს.

კანონის შემუშავება უკიდურესად ღია სავიზო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში წარმოქმნილმა მოუწესრიგებელმა იმიგრაციულმა პოლიტიკამ განაპირობა. ამასთან, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მიგრაციული პროცესების სწორი და გააზრებული მართვა, რომელიც სათანადო სავიზო პროცედურების მეშვეობით უნდა განხორციელდეს.

შექმნილი ვითარების მოსაწესრიგებლად უპირველეს საჭიროებას არსებული სავიზო პოლიტიკის შეცვლა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ამასთან, საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, უცხოელთა საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლების გადახედვა წარმოადგენდა. საჭირო ცვლილებებიდან გამომდინარე, აგრეთვე, აუცილებელი გახდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გაძევების ქმედითი მექანიზმების  შემოღება, რაც აქამდე საერთოდ არ არსებობდა.

ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს პრიორიტეტია ტურიზმის განვითარება და ინვესტიციებისთვის კიდევ მეტად ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება. პარალელურად, თანამედროვე გამოწვევების ფონზე და ევროკავშირთან მიმდინარე სავიზო დიალოგის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიგრაციული პროცესების ეფექტიან მართვას. ამ პრიორიტეტებისა და ფაქტორების გათვალისწინებით, ახალი კანონი მიმართულია არა სავიზო რეჟიმის გამკაცრების, არამედ ქვეყანაში შემომავალ უცხოელთა ნაკადების უკეთესი მართვისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზისა და მექანიზმების შექმნისკენ.

კანონპროექტის შეფასების მიზნით მოწვეულნი იყვნენ კვალიფიციური ექსპერტები ევროკავშირიდან. მათ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გასცეს და ჩაატარეს ნაყოფიერი კონსულტაციები პროექტის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ექსპერტების საბოლოო დასკვნის თანახმად, კანონი თანხვედრაშია ევროკავშირში დამკვიდრებულ ძირითად სტანდარტებთან.

ახალი კანონის ერთერთი სიახლეა, ის, რომ  თუკი ადრე უცხოელს საქართველოში შემოსვლისთვის და 360 დღემდე ყოფნისთვის არ ესაჭიროებოდა ვიზა, მისი ამოქმედების შემდეგ, უვიზოდ ყოფნა შესაძლებელი იქნება 180 დღიან პერიოდში 90 კალედარული დღე. აღნიშნული ცვლილება ეფუძნება ევროკავშირში, კერძოდ კი, შენგენის ხელშეკრულების სივრცეში არსებულ პრაქტიკას.

აგრეთვე, კანონი აღარ ითვალისწინებს იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვთ, რადგან მსგავსი ჩამონათვალი გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში, რომლის პროექტზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს. ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან შენარჩუნებული იქნება უვიზო მიმოსვლა ერთადერთი ცვლილებით, რაც მდგომარეობს ზემოხსენებული პრინციპის – 90 დღე 180-დღიან პერიოდში, მრავალჯერადი შესვლის უფლებით – გამოყენებაში.

ამასთან უცხოელი, რომელიც ახალი კანონის ძალაში შესვლამდე საქართველოში შემოვიდა და სარგებლობდა 360 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნის უფლებით, კანონის ამოქმედების შემდეგ, მისი მოქალაქეობის ქვეყნის მიმართ სავიზო რეჟიმის შემოღების შემთხვევაში, ვალდებული არ იქნება  დაუყოვნებლივ დატოვოს ქვეყნის ტერიტორია, ვინაიდან ასეთი პირები, საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის თვალსაზრისით, ისარგებლებენ იმავე სამართლებრივი რეჟიმით, რომელიც მოქმედებდა მათი საქართველოში შემოსვლის დროს, და საქართველოს დატოვებენ მაშინ, როცა დატოვებდნენ, ახალი კანონი რომ არ ყოფილიყო მიღებული.

ENIGMMA:საქართველოში მიგრაციის სტრატეგიის დოკუმენტი ზუსტად ერთი წლის წინ დაამტკიცეს. როგორ შეაფასებდით მიგრაციის სფეროში ჩართული ქართული მხარის მიერ მიგრაციის სტრატეგიის შესრულების კუთხით მიღწეულ შედეგს აღნიშნული წლის განმავლობაში?

ქ-ნი თეა წულუკიანი:ადგილობრივ დონეზე მიგრაციული პროცესების მარეგულირებელი პირველი სტრატეგიული დოკუმენტი 90-იან წლებში შემუშავდა, თუმცა, მისი განხორციელება ხანგრძლივი დროით გადაიდო. ახალი დოკუმენტის შექმნის აუცილებლობა დადგა მას შემდეგ, რაც 2009 წლის ნოემბერში ევროკავშირის თექვსმეტმა სახელმწიფომ და საქართველომ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ევროკავშირის „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ. ინიციატივა მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ერთობლივ ბრძოლასა და ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობას. მოკლე ხანში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეიმუშავა 2013-15 წლების მიგრაციის სტრატეგია. იგი განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ერთიან ხედვას მიგრაციასთან მიმართებით და ასახავს იმ პრობლემატიკას, რომლის დაძლევაც აუცილებელია სფეროს წარმატებით მართვის უზრუნველსაყოფად.

დოკუმენტში გამოკვეთილია ოთხი ძირითადი მიმართულება: ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან; ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა; საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაცია და თავშესაფრის პოლიტიკა. ამ და სხვა მიმართულებებზე ეფექტიანი მუშაობის მიზნით გადაიდგა რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა – გაიზარდა კომისიის საქმიანობაში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის წილი, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალი კანონი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ; ასევე, კომისიის ფარგლებში შემუშავდა ახალი ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“; დაფუძნდა ერთიანი და ქმედითი უწყებათაშორისი ფორუმი, რომლის მეშვეობითაც ხდება მიგრაციის სფეროში მიმდინარე ყველა პროექტის კოორდინირებული მართვა და იმპლემენტაცია. ამგვარად, საგრძნობლად შემცირდა თემატური გადაფარვები ან დუბლირებები და შესაძლებელი გახდა არსებული რესურსების საჭიროებისამებრ გადანაწილება; ჩამოყალიბდა და ამოქმედდა ლეგალური მიგრაციის სფეროში საინფორმაციო კამპანიების წარმართვის კონცეფცია, რომლის ბაზაზეც იგეგმება ე.წ. მიგრაციის სახელმძღვანელოს შექმნა; აპრილის ბოლოს ხელი მოეწერება მიგრაციის სფეროში კვლევისა და სტაჟირების საკითხებში თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის; 2013 წლის განმავლობაში სასიცოცხლო მნიშვნელობის ცვლილებები მოხდა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის, ცირკულარული მიგრაციის გავლენის კვლევის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მიმართულებით; დაბოლოს, მიგრაციის სფეროში მოღვაწე ყველა შესაბამისი უწყების ძალისხმევით, ქვეყანამ სერიოზულ შედეგებს მიაღწია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების საქმეში, რამაც სათანადო ასახვა პოვა ევროკავშირის ანგარიშში და უფრო მეტად დააახლოვა ჩვენი ქვეყანა ევროპულ ღირებულებებთან.

საგულისხმოა ისიც, რომ ევროკავშირის დახმარებით კომისია მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან ერთად უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას მიგრაციის 2016-20 წლების სტრატეგიის შემუშავებაზე. დოკუმენტი დაეფუძნება არსებულ გამოცდილებას, გაითვალისწინებს ახალ გამოწვევებს და წარმოადგენს ქვეყნის ხედვას მომავალი ხუთი წლის განმავლობაში.

 

ENIGMMA:პროექტი „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ შედეგია საქართველოს მიერ ევროკავშირთან თანამშრომლობის სფეროში მიღწეული წარმატებისა. ვგულისხმობ შეთანხმებას პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას, პარტნიორობას მობილურობისათვის და ვიზა ფასილიტაციისა და რეადმისიის ხელშეკრულებებს. თქვენი მოლოდინით,  როგორ შეუძლია პროექტს შეუწყოს ხელი საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის გაძლიერებას?

ქ-ნი თეა წულუკიანი:პროექტი მოიცავს მიგრაციის მართვის სფეროში საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორიცაა: შრომითი მიგრაციის რეგულირება; პერსონალურ მონაცემთა დაცვა; მიგრანტთა უფლებები და სავიზო პოლიტიკა. თითოეული ამ მიმართულებათაგანი, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებთან და მოიცავს როგორც მოსამზადებელ, ისე საიმპლემენტაციო ფაზებს. ამრიგად, პროექტის ჯეროვნად განხორციელებას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სფეროში მიმდინარე რეფორმების წარმატებით დასრულების საქმეში. წარმატების ერთ-ერთ გარანტად კი შეიძლება ჩაითვალოს ის მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა კომისიასა და მის პარტნიორებს – ევროკავშირსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრს – შორის.

2014 წლის აპრილი, თბილისი, საქართველო