მედიის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე

ამ საქმიანობის შინაარსი ჩამოყალიბდება მედიაზე მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციათა მიხედვით, წევრმა სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ მედიასთან თანამშრომლობას. მედიის წარმომადგენლებს უნდა ჩაუტარდეთ სემინარები და ტრენინგები კულტურათშორისი განათლების თემაზე, შეუწყნარებლობის პრობლემასა და შრომითი მიგრანტებისა თუ ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე, ასევე, სისტემატურად შეფასდეს მედიის ხარისხი ამ თვალსაზრისით.

საზოგადოებრივმა მედიამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიგრაციის ობიექტური გაშუქებით; მეორე მხრივ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მედიას სრული და მიუკერძოებელი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მიგრანტებსა და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ამ საქმიანობის მთავარი მიზანია ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლებისათვის ტრენინგის ჩატარება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე, ზოგადად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მობილობასა და უვიზო რეჟიმის დარღვევის შედეგებზე, რათა საზოგადოებას დაზუსტებული, გამჭვირვალე და უახლესი ინფორმაცია მიაწოდონ. გარდა ამისა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მიგრაციის გაშუქებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საზოგადოებრივი დამოკიდებულების შედეგების გააზრებას.

ამ პროექტში დაგეგმილია შემდეგი საქმიანოებები:

  • მეთოდოლოგიისა და შინაარსის შემუშავება ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენელთა ტრენინგებისათვის;
  • მედიის წარმომადგენელთა შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭირო აქტივობების ორგანიზება.