მიგრაციის გაშუქების მონიტორინგი ქართულ მედიაში

ამ პროექტის ზოგადი მიზანია, მიგრანტთა ინტეგრაციისა და სოციალური ინტერესების თვალსაზრისით, საქართველოში ხელი შეეწყოს მიგრაციასთან დაკავშირებული ზუსტი და ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაციის გავრცელებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ამასთანავე, მიგრაციის გაშუქებაზე მონიტორინგი მიზნად ისახავს, აირიდოს არასწორი ინფორმაციის გავრცელება, შეუწყნარებლობა და ქსენოფობია ქართულ საზოგადოებაში. როგორც გლობალიზაციის პერიოდის მძლავრი იარაღი, მედია საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ძალა გახდა. ამდენად, მან შეიძლება გაამწვავოს მიგრანტის კრიმინალიზებული იმიჯი და ანტიიმიგრანტული რიტორიკა, ან პირიქით, ხელი შეუწყოს მიგრანტთა უკეთ ინტეგრირებასა და მათი  ჭეშმარიტი ისტორიების გადმოცემას, რაც დადებითად იმოქმედებს არსებულ გაუგებრობასა თუ შიშზე.

მიუხედავად იმისა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, თავის „პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება“ – მეტიც, „იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის“ – რეალურად, არ არსებობს ეფექტიანი მედიამონიტორინგის სისტემა, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტულად მზარდ მიგრაციასა და საზოგადოებრივ დამოკიდებულებებზე.

ამ კომპონენტის მიზანია, გაარკვიოს, როგორ წარადგენს მედია მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის: სიხშირე, შინაარსი და გამოყენებული ენა). ეს ხელს შეუწყობს საქართველოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მართებულად გაშუქებას მიგრაციის შესახებ. ამდენად, სამიზნე ჯგუფები იქნებიან მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფო დაწესებულებები, მიგრანტები და მთლიანად საზოგადოება.

ამ საქმიანობაში შედის:

– მედიის მონიტორინგი და ანალიზი:

მედიასაშუალებების მონიტორინგი მიზნად ისახავს, გაარკვიოს, როგორ წარადგენს მიგრაციის საკითხებს (მაგ.: საერთაშორისო და შიდა მიგრაცია, ასევე, ინფორმაცია საქართველოში საერთაშორისო მიგრაციის საკითხების გაშუქებაზე და საქართველო-ევროკავშირის მიგრაცია) ქართული მედია. მედიის წყაროები და მონიტორინგის სფეროები უნდა გამოვლინდეს და გაანალიზდეს სამაგიდო კვლევის, „მეპინგის“, გასაუბრების, კითხვარების, მონაცემთა შეგროვებისა და მონიტორინგის საშუალებით. ასევე გაანალიზდება საქართველოში ემიგრანტთა მიგრაციის გაშუქება და საქართველო-ევროკავშირის მიგრაციის საკითხები.

– ჩატარებული კვლევის საფუძველზე სახელმწიფო ინსტიტუტების/მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მედიამონიტორინგის ინსტრუმენტთა შემუშავება;

– ანგარიში მედიამონიტორინგის შესახებ.