მიგრაციის დეპარტამენტი

IMGL2315 copy (2)

ინტერვიუ მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორთან ბატონ ზაზა ფანცულაიასთან

ENIGMMA:          მიგრაციის დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლად ჩამოყალიბებული სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ახორციელებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტულ დებულებებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციასთან დაკავშირებით. რა მდგომარეობაა ამჟამად ამ სფეროში?

ზაზა ფანცულაია: მოგეხსენებათ, მიგრაციის მართვა ევროპისა და მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია და საქართველოც არ არის გამონაკლისი. ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ, ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და განსაკუთრებული წინსვლა შეინიშნება საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეებზე. კერძოდ, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მიღება და ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბება დადებითად აისახა ქვეყნის მიგრაციის მართვის სისტემაზე. ამ კანონის დებულებათა ეფექტიანადვე განსახორციელებლად, შეიქმნა და მიღებულია მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები და რეგულაციები:

2014 წლის 1 სექტემბერს ხელი მოეწერა და ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის # 525 დადგენილება „უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ“. ამავე დღიდან ამოქმედდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს #631 ბრძანება „უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის შესახებ“. დოკუმენტი ნათლად განსაზღვრავს, თუ როდის არის შესაძლებელი უცხოელის დაკავება და/ან გადაყვანა დროებითი განთავსების ცენტრში (TAC), ასევე, მოიცავს ინფორმაციას დაკავების წესებზე, უცხოელთა პროცედურულ უფლებებზე TAC-ში განთავსებისას (მათ შორის, პერსონალურ თუ სამედიცინო შემოწმებაზე) და მათ უფლებებსა და გარანტიებზე.

ჩვენი დეპარტამენტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უწყებათაშორის თანამშრომლობას ამ კუთხით და აქტიური ურთიერთობები გვაქვს საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან. სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ურთიერთობის გაძლიერებაც აუმჯობესებს ღონისძიებათა ეფექტიანობას. წარმატებული უწყებათაშორისი თანამშრომლობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მომავალში გაფორმდება მემორანდუმები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან. ვინაიდან ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამებს უპირატესობა ენიჭებათ იძულებით დაბრუნებასთან შედარებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერა მემორანდუმს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM), რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს დეპარტამენტთან ამ კუთხით. 2015 წლის ივლისიდან მიგრაციის დეპარტამენტმა გაძევების პროცედურების ეფექტიანი განხორციელება დაიწყო. 2016 წლის თებერვლისათვის გაძევების შესახებ გამოცემული იყო 77 გადაწყვეტილება.

ENIGMMA:          მიგრაციის დეპარტამენტი კოორდინირებას უწევს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს და ახორციელებს გაძევების პროცედურებს; საპატრულო პოლიცია პასუხისმგებელია არალეგალურ მიგრანტთა გამოვლენაზე ქვეყნის მასშტაბით; კრიმინალურ პოლიციას კი ევალება არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. როგორ მიმდინარეობს კოორდინირება შესაბაბამის სტრუქტურებს შორის და რა მექანიზმებით მიიღწევა მათი ოპერატიული და შეთანხმებული მუშაობა?

ზაზა ფანცულაია: საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრებ უცხოელთა გამოსავლენად და შემდგომი რეაგირებისათვის ეფექტიან ღონისძიებათა განსახორციელებლად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (SOP) შეიმუშავა თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული დანაყოფებისათვის. SOP-ით გათვალისწინებულია უცხოელთა იდენტიფიცირებისათვის საჭირო პროცედურები, ასევე, ქვეყნის ტერიტორიაზე მათი ყოფნის სამართლებრივი საფუძვლები, დაკავების წესები, დაკავების განმავლობაში უცხოელის უფლებები და მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული პროცედურა შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სამუშაოს პასუხად. სამინისტროს კომპეტენციები არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გადანაწილებულია 4 შესაბამის სააგენტოზე: სასაზღვრო პოლიცია, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია და მიგრაციის დეპარტამენტი. ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2014 წლის 22 სექტემბრის #730 ბრძანების საფუძველზე, ჩამოაყალიბა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ამ სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა. ჯგუფის მიზანია ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება მიგრაციის საკითხების შესახებ და ამ სფეროს მართვის გაუმჯობესება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრები რეგულარულად იმართება. მის საქმიანობას კოორდინირებას უწევს მიგრაციის დეპარტამენტი და თავმჯდომარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ENIGMMA:          მიგრაციის დეპარტამენტი საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელებს სთავაზობს დროებითი განთავსების ცენტრის (TAC) მომსახურებას გაძევებამდე. თუ შეიძლება, მოკლედ აუხსენით მკითხველებს, რამდენად ეფექტიანია TAC და განუმარტეთ ცენტრში მიღების სისტემის ზოგადი შესაძლებლობები?

ზაზა ფანცულაია: TAC 2014 წლის 1 სექტემბრიდან ფუნცქიონირებს. ცენტრში შესაძლებელია იმ უცხოელთა განთავსება, რომლებიც საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან. ის აშენდა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების მხარდაჭერითა და აქტიური თანამშრომლობით, და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ცენტრში განთავსებული პირები უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გამოყოფილია შესაბამისად ადაპტირებული ოთახები. ასევე გათვალისწინებულია ბავშვთა ინტერესები, მათ შორის, განათლების უფლება და თავისუფალი დროის გასატარებელი პირობები. TAC-ში მოწყობილია ბიბლიოთეკა, კომპიუტერისა და სათამაშო ოთახები მიგრანტებისათვის და შესაძლებელია 92 ადამიანის განთავსება. იგი მოიცავს ორ დამოუკიდებელ ბლოკს – (1)მამაკაცებისა და ქალების და (2) ოჯახებისათვის.

ENIGMMA: მიგრაციის დეპარტამენტი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ევროპული ქვეყნის სამართალდამცველ დაწესებულებათა შორის, რომლებიც ასრულებენ შიდა მონიტორინგისა და დაკავებულ არალეგალ მიგრანტთა უფლებების მაკონტროლირებელი ორგანოს ფუნქციებს. რა ზომებია გათვალისწინებული TAC-ში განთავსებულ მიგრანტთა უფლებების სრულად დაცვისა და პოტენციურ დარღვევათა პრევენციისათვის?

ზაზა ფანცულაია: საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტში უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის სამმართველო შიდა მონიტორინგის მექანიზმის ფუნქციას ასრულებს. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დაკავებულ უცხოელთა უფლებების დაცვა ძირითადად ხორციელდება მონიტორინგის გარე მექანიზმით. სამმართველოს ფუნქციაა დაკავებულ უცხოელთა არასათანადო მოპყრობის აღკვეთა, მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგი და ამ უფლებების რეალიზება. შესაბამისად, მისი თანამშრომლები დროდადრო, ან განთავსებულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე, უფლებამოსილნი არიან, ჩაატარონ გასაუბრება, მიიღონ მათი განაცხადები და საჩივრები და შეადგინონ შესაბამისი პროტოკოლები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დაურღვევლად. სამმართველო აკონტროლებს უცხოელთა სამართლებრივი მოთხოვნების დროულ აღსრულებას. მის თანამშრომლებს ხელი მიუწვდებათ უცხოელთა დაკავების, TAC-ში მოთავსებისა და სხვა პროცედურების შესახებ შედგენილ ყველა დოკუმენტზე. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სამმართველო სპეციალურ რეკომენდაციებს წარუდგენს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორს. იგი ასევე აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

TAC-ში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ICMPD უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის სამმართველოს შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება. ამ მიზნით, მან ექსპერტები მოიწვია ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ოპერაციული სისტემის ჩამოსაყალიბებლად. ცნობილმა ექსპერტებმა ტრენინგები ჩაატარეს შემდეგ საკითხებზე: არალეგალ მიგრანტთა უფლებების მონიტორინგის ძირითადი პრინციპები; და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და მოვალეობები დაკავების, ცენტრში განთავსებისა და გაძევების/დაბრუნების პროცესში. ზემოაღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით, მუშავდება მიგრაციის დეპარტამენტის უცხოელთა უფლებებისა და მონიტორინგის სამმართველოს SOP-ები.