მიმოხილვა

2017 წლის 28 მარტიდან, ბიომეტრული პასპორტის მფლობელ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით შენგენის ზონის 26 წევრ სახელმწიფოში და დარჩნენ 90 დღემდე ვადით 180 დღის პერიოდის ფარგლებში. უვიზო მიმოსვლა საქართველოს მთავრობის დიდი მიღწევაა, რადგანაც ეფექტიანად განხორციელდა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ყველა ნიშნული.

VLAP-ის მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ზომების შემუშავებასა და განხორციელებას მოიცავდა, რაც უვიზო მიმოსვლის წესებისა და მოთხოვნების შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას ისახავდა მიზნად. 2017 წლის დეკემბერში, ევრო კომისიამ გამოსცა სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ პირველი ანგარიში და კომისიის თანამშრომლების სამუშაო დოკუმენტი. სხვა საკითხებთან ერთად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საერთო ჯამში, ვიზა ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულება გრძელდება“, თუმცა, ასევე მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია შესაბამისი სფეროების გაძლიერების კუთხით. ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაციაა „გაგრძელდეს კამპანიები უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ“. როგორც ზევით აღინიშნა, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობამ წარმატებით გაართვა თავი, თუმცა,  ევროკავშირის დახმარება ასევე გამოყოფილი იყო სპეციფიურად შექმნილი და განხორციელებული პროექტების სახით. ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA), რომელიც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ  2013 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ივლისამდე ხორციელდებოდა, ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო.

ცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული ადგილი ეკავა პროექტში: განხორციელდა საინფორმაციო კამპანიები პროექტის მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში. კამპანიების მეთოდოლოგია, დიზაინი, ღონისძიებები და ძირითადი მესიჯები განსხვავდებოდა წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის საჭიროებებისა და შეცვლილი პრიორიტეტების, ასევე, კამპანიების კონკრეტული სამიზნე ჯგუფების გათვალისწინებით. ICMPD-ის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დაწესებულებებს მიეწოდათ დაბეჭდილი საინფორმაციო მასალები, რომლებიც პოტენციურ მოგზაურებს დაურიგდათ. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ინფორმირების ზომების მიღება კვლავ გაგრძელდება მომავალში. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ამჟამინდელი პროექტის „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA – 2) ფარგლებში, იგეგმება და ხორციელდება საინფორმაციო კამპანიები. პროექტი ასევე ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში, რომელიც VLAP-ის შესახებ ევროკავშირსა და საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო სამოქმედო გეგმის თანახმად მიმდინარეობს.