მიმოხილვა

ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ხელი მოეწერა 1996 წელს და ძალაში შევიდა 1999 წელს. საწყისი ათწლიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, მისი გაგრძელება ყოველწლიურად ავტომატურად ხდება.  შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა პოლიტიკური დიალოგი, ვაჭრობა, ინვესტიციები, ეკონომიკა, დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, არალეგალური მიგრაცია, კანონმდებლობა და კულტურა.

2003-2004 წლებში ევროკომისიამ შეიმუშავა და წარმოადგინა ევროკავშირის ახალი საგარეო პოლიტიკა – ევროპული სამეზობლო პოლიტიკა (ENP). ამ პოლიტიკის მიზანია გაფართოებულ ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის ახალი გამყოფი ხაზების გაჩენის თავიდან აცილება. ამასთანავე, სამეზობლო პოლიტიკის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენს ყველა მხარისათვის კეთილდღეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.   საქართველოს ჩართვა ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში, რაც 2004 წლის 14 ივნისს მოხდა, გახლავთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი.

2009 წლის გაზაფხულზე, ევროკავშირმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და განახორციელა ახალი ინიციატივა – აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომლის მიზანია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდავეთსა და უკრაინაში პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა. აღმოსავლეთ პარტნიორობა ითვალისწინებს ევროკავშირთან უფრო ძლიერ პოლიტიკურ ასოცირებას, კერძოდ კი ასოცირების შეთანხმების ახალ ეტაპზე გადასვლის პერსპექტივებს და ევროკავშირის ეკონომიკაში უფრო ძლიერ ინტეგრაციას. დაბოლოს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ქალბატონმა კეტრინ ეშტონმა 2010 წლის 15 ივლისს ბათუმში დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ.

2013 წლის ივლისში ევროკავშირმა და საქართველომ დაასრულეს მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების შესახებ და 2013 წლის ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე მოხდა შეთანხმების პარაფირება. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერა 2014 წლის ივნისში.

გარდა ამისა, 2013 წლის 6 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა  2014-2017 წლების სტრატეგია ევროპაში ინტეგრაციის, კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის საკითხებზე, ორივე მხარის სარგებლისა და ვალდებულებების ჩათვლით.

თანახმად ევროკავშირის წარმომადგენლობისა საქართველოში