პარტნიორობა მობილურობისთვის

2007 წლის 16 მაისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა კომუნიკე „ცირკულარული მიგრაცია და პარტნიორობა მობილურობისათვის ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის“. კომუნიკემ განსაზღვრა „პარტნიორობა მობილურობისათვის“, როგორც ევროკავშირის ეფექტიანი ინსტრუმენტი, როგორც ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან მიგრაციის საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისა და მიგრაციის ნაკადის მართვისათვის (რეგისტრაცია, მონიტორინგი, ანალიზი და პოლიტიკის შემუშავება), ისე ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების გაზრდისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის. თანამშრომლობა  აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის ხელშეწყობას ეგრეთ წოდებული „ცირკულარული მიგრაციის“  საშუალებით, რომელიც დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, ლეგალურად იმუშაონ, ისწავლონ, აიმაღლონ კვალიფიკაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და დაბრუნდნენ საქართველოში.  ამასთანავე, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

2010 წლის 16 თებერვალს, საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ვიზიტის დროს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ინიციატივა- პარტნიორობა მობილურობისათვის.  ეს სქემა ყურადღებას ამახვილებს მიგრაციის ისეთ საკითხებზე,  როგორებიცაა მიგრაციის მართვა, მიგრაცია დასაქმების მიზნით, რეადმისია (ევროკავშირის ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეების დაბრუნება, რომლებიც ევროკავშრის ტერიტორიაზე მოხვდნენ საქართველოს გავლით), რეინტეგრაცია, დიასპორა, დოკუმენტების უსაფრთხოება, მიგრაციის ინტეგრირებული მონაცემთა ბაზა და ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირთან, შრომის ბაზრები და პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება.

ევროკავშირსა და საქართველოს  შორის მობილურობა პარტნიორობისათვის ინიციატივის  თანამშრომლობის პირველი შეხვედრა გაიმართა ბრიუსელში, 2010 წლის 15 სექტემბერს. 2012 წლის 30 იანვარს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკითხებში გამართა პარტნიორობა მობილურობისათვის ინიციატივის ადგილობრივი თანამშრომლობის პლატფორმის პირველი შეხვედრა,  სადაც მონაწილეებმა განიხილეს და იმსჯელეს მიღწეულ შედეგებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ინფორმაციაზე დაყრდნობით

http://eu-nato.gov.ge/en/eu/mobility-partnership