პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

ENIGMMA:   პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი შედარებით ახალი ჩამოყალიბებულია. რა საჭიროებებმა განაპირობა ამ ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობა?

 თამარ ქალდანი: კონფიდენციალობის დაცვა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი გამოწვევაა. საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები დიდი რაოდენობით პერსონალურ მონაცემს მართავენ. ამ მონაცემთა გაცვლა მათ მაკონტროლებელთა შორის მარტივი პროცესია და, შესაბამისად, ისინი იოლად ხელმისაწვდომია მესამე პირთათვის. გარდა ამისა, როგორც კი ამგვარი ინფორმაცია გამჟღავნდება და გავრცელდება ინტერნეტით, მიღებული შედეგების კონტროლი რთულია. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ საკითხების გადაჭრას შესაბამისი კანონმდებლობის მიღებითა და პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობით გეგმავენ. საქართველოც მიჰყვება ამ მაგალითს. თუმცა, მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების მიღება შესაძლოა არ იყოს ეფექტიანი მათი დანერგვის მექანიზმების გარეშე. ამიტომაც, ისეთი ზედამხედველობითი ორგანოს ჩამოყალიბება, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი – რომლის კომპეტენციაშიც შედის მონაცემთა დამუშავების ლეგიტიმურობის მონიტორინგი – კონფიდენციალობის დაცვის საუკეთესო მექანიზმია. ძალზე მნიშვნელოვანია, არსებობდეს საჯარო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მონაცემების მაკონტროლებელთა ზედამხედველობაზე, სუბიექტის უფლებების შესახებ ინფორმაციის დაცვაზე და მონაცემთა დაცვასთან მიმართებით ცნობიერების ამაღლებაზე. გარდა ამისა, ასეთი ორგანოს ჩამოყალიბება პასუხობს საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე ნაკისრ ვალდებულებებს, როგორიცაა ევროსაბჭოს (CoE) 108-ე კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP) და საქართველო-ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება.

 ENIGMMA:   როგორი მდგომარეობაა ამჟამად საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით?

თამარ ქალდანი: საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მიღებულია 2011 წლის დასასრულს. შესაბამისად, ეს ჯერ კიდევ ახალი საკანონმდებლო სფეროა. კონფიდენციალობის დაცვის პრაქტიკა, რაც განგრძობითი პროცესია, ერთ-ერთია იმ გამოწვევებს შორის, რომლებიც ჯერჯერობით ისევ არსებობს ჩვენ წინაშე. ამასთანავე, საზოგადოების ცნობიერება კონფიდენციალობასთან მიმართებით კვლავ დაბალია. მონაცემთა სხვადასხვა მაკონტროლებლის შიდა რეგულაციები კიდევ არ შეესაბამება არსებულ კანონმდებლობას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო ორი წლის განმავლობაში და ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციას მიაღწია. საგულისხმო ნაბიჯები გადაიდგა შესაბამისი ღირებულებებისა და პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად, რამაც დიდი წვლილი შეიტანა მონაცემთა დაცვის მართვაში 2013 წლიდან, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი შეიქმნა. დღეს მონაცემთა მაკონტროლებლები უკეთ იცნობენ საკუთარ მოვალეობებს. ზოგიერთ საჯარო დაწესებულებას გამოყოფილი ჰყავს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მონაცემების მართვაზე თავიანთ ორგანიზაციებში, ნაწილს კი მიღებული აქვს შიდა რეგულაციებიც. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა განმკარგავ კერძო კომპანიებს ასევე ჩამოყალიბებული აქვთ უარის თქმის მექანიზმები. ბოლოს კი შეგვიძლია დავძინოთ, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, ამ სფეროში გატარებული რეფორმები ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას გვაძლევს.

ENIGMMA:   ვინ აგროვებს საქართველოში მონაცემებს მიგრანტებზე, ან ვინ აკონტროლებს მათ შესახებ მონაცემთა მართვის პროცედურას? არის თუ არა მიგრანტთა კატეგორია მეტად მოწყვლადი ჯგუფი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით?

თამარ ქალდანი: თითოეული პირის პერსონალური მონაცემები მნიშვნელოვანია და მათ ფრთხილად უნდა მოვეპყრათ, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად ჯგუფთან მიმართებით, როგორიცაა მიგრანტები. მისი მოწყვლადობა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, მაგალითად, განსხვავება მათ ეროვნებასა და საქმიანობაში. მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამ ადამიანთა მონაცემების სხვა ქვეყნებისათვის გადაცემისას (და წარმოშობის ქვეყანაშიც კი). მიგრანტების პერსონალურ მონაცემებს აგროვებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა, როგორიცაა შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სხვა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ზედამხედელობს ყველა ზემოხსენებული დაწესებულების მიერ მონაცემთა მართვის ლეგიტიმურობას, მათ შორის, მიგრანტების პერსონალურ მონაცემთა კუთხით.

ENIGMMA:   კონკრეტულად რას აკეთებს ეს აპარატი მიგრანტების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით?

თამარ ქალდანი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მონიტორინგს უწევს მონაცემთა მართვას თითქმის ყველა კერძო და საჯარო დაწესებულების მიერ და უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდის პერსონალური მონაცემების დაცვას, მისი მოქალაქეობის, სტატუსისა და ნებისმიერი სხვა მახასიათებლის მიუხედავად. 2014 წელს განხილული იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაზე სხვა ორგანიზაციების წვდომის საკითხი. ამავე წელს ასევე გამოვიკვლიეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მონაცემთა მართვის ლეგიტიმურობა საზღვრის კონტროლის მიზნით. შესაბამის ინსტიტუტებთან კონსულტაციები გავიარეთ პერსონალურ მონაცემთა მართვის საკითხებზე საზღვრის გადაკვეთისას და არაერთი ტრენინგი ჩავუტარეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომლებს. ყველა ეს ღონისძიება განხორციელდა იმისათვის, რომ ამ ადამიანებს ინფორმაცია მიეღოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პერსონალური მონაცემების – მათ შორის, მიგრანტთა მონაცემების – მართვა. საჯარო დაწესებულებებს კონსულტაციები გავუწიეთ საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების პერსონალურ მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გაცვლის კანონიერებაზე.