რას ვაკეთებთ

პროექტი ENIGMMA 2 მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მობილობისა და ხალხთა ურთიერთობის მდგრად განვითარებას ისეთი გზებით, როგორიცაა: პოლიტიკის რეკომენდაციათა შემუშავება, ერთობლივი რეაგირების მექანიზმების გატარება, შესაძლებლობათა განვითარებისთვის საჭირო აქტივობების განხორციელება, ასევე, ექსპერტთა გაცვლითი პროგრამებისა და თანამშრომლობის გაღრმავება.

პროექტის განხორციელებისას მივმართავთ შემდეგ მეთოდებს:

ანალიზი და კვლევები – მონაცემებისა და ფაქტების დეტალური შესწავლა, საქართველოს განვითარებაზე მიგრაციის ზეგავლენის გააზრებისა და განმარტების მიზნით, რაც ქმნის საფუძველს რეკომენდაციებსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის.

ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული აქტივობები – ისინი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ხორციელდება შერჩეული ინსტრუმენტების მეშვეობით (მაგ.: საზოგადოებრივი ღონისძიებები, საინფორმაციო მასალები, მედია (მათ შორის – სოციალური), რეკლამა, საზოგადოებრივი შეჯიბრები თუ კონკურსები და სხვა).

საკონსულტაციო შეხვედრები – ისინი პროექტის გუნდს ექნება ექსპერტებსა და დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შეაგროვონ საჭირო ინფორმაცია, დაასრულონ კვლევა, ჩაატარონ ინტერვიუები, გამართონ მოლაპარაკებები პროექტის აქტივობებში მონაწილეობაზე და ა.შ.

სამაგიდო კვლევა – პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს მიგრაციას, პოლიტიკასა და განვითარებას შორის არსებულ კავშირზე ჩატარებულ კვლევებს, მიგრაციის მართვის სტრუქტურებს სხვადასხვა ქვეყანაში, მიგრაციის სტრატეგიასა და პოლიტიკის დოკუმენტებს ევროპაში, მეორად წყაროებს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარებისთვის საჭირო სხვა ინსტრუმენტებს და ა.შ.

 შედგენა – სამაგიდო კვლევის, „მეპინგისა“ და ანალიზის შედეგების წინასწარი აღრიცხვა, რომელიც ექვემდებარება შემდგომ გადახედვას ექსპერტულ (ტექნიკურ) ან/და პოლიტიკურ დონეზე. შედგენა შესაძლებელია სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით, როგორიცაა ადგილზე მხარდაჭერა, ასევე, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში შედგენის მიზნით ჩატარებული ფასილიტირებული სესიები.

„მეპინგი“ – სხვადასხვა აქტორზე ინფორმაციის, პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და დოკუმენტების შეგროვება, სისტემატიზაცია, კავშირების დამყარება და ფორმირება.

სასწავლო ვიზიტი – ხაზს უსვამს პრაქტიკულ და უშუალო ცოდნას და კარგი პრაქტიკის გადაცემას. იგი საშუალებას იძლევა, საერთაშორისო გარემოში უშუალო გამოცდილება მიიღონ კონკრეტულ თემებზე, ასევე, შეიქმნას კონტაქტების ქსელი და ეროვნულ კონტექსტში ახალი მიდგომა შემუშავდეს გამოწვევების მიმართ.

ტრენინგი – სასწავლო შეხვედრა, რომლის დროსაც მონაწილეებს აწვდიან კონკრეტულ ინფორმაციას/ცოდნას ან ასწავლიან სპეციფიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრები – შეხვედრები პროექტის პარტნიორებს, ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, მოსაზრებათა გაცვლის, განხილვისა ან/და დოკუმენტების შედგენის მიზნით.

სამუშაო შეხვედრა – სადისკუსიო ფორუმი, რომელიც ხელს უწყობს მოსაზრებებისა და იდეების გაცვლას, ასევე, გარკვეული ამოცანების შესრულებას, როგორიცაა დოკუმენტების შედგენა ან კონკრეტული გამოცდილების მიღება. პროექტის ფარგლებში ორგანიზებული იქნება რამდენიმე სამუშაო სესია.