MRA

irakli kokaiaინტერვიუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა დეპარტამენტის უფროსთან, ბატონ ირაკლი კოკაიასთან

ERGEM: რა გავლენა მოახდინა ემიგრაციამ საქართველოზე?

ბატონი ირაკლი კოკაია: საქართველოს მოქალაქეების მასიური გადინება საქართველოდან 1990-იანი წლებიდან დაიწყო. ამ დროისათვის არ არსებობდა რეინტეგრაციის მონიტორინგის და ინფორმაციის შეგროვების საშუალებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ძნელი სათქმელია ზუსტად რამდენი ქართველი ემიგრანტი იმყოფება საზღვარგარეთ. დაახლოვებითი ზღვარი მერყეობს 300.000-დან 1.5 მილიონ ადამიანზე. მაგალითისთვის გაეროს მიგრაციის გლობალური მონაცემთა ბაზა მიუთითებს, რომ ემიგრაციაში წასულია 700.000-ზე მეტი ქართველი.

მიგრაციული ძვრების დიდ მოცულობას მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდა მოსახლეობის რაოდენობასა და შრომის მიწოდებაზე. ამავდროულად, საზღვარგარეთ მყოფი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან კონტრიბუციას წარმოადგენს.

ERGEM: რაც შეეხება დაბრუნების ტენდენციებს, ბრუნდებიან თუ არა ემიგრანტები საქართველოში?

ბატონი ირაკლი კოკაია: ამ დროისათვის საქართველოში დაბრუნებულთა რაოდენობა მცირეა საზღვარგარეთ მყოფი მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან შედარებით. აღნიშნული მოიცავს, როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით დაბრუნებულებს.

ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მეტი ადამიანი დაბრუნდეს, მაგრამ პოტენციური დაბრუნების საკითხი რთულია და მასზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორებისა. ჩვენი აზრით დაბრუნებას პოზიტიური შედეგები ექნება ორი მიზეზის გამო: პირველ რიგში, ის გააუმჯობესებს დემოგრაფიულ მდგომარეობას საქართველოში, სადაც შობადობის მაჩვენებელი ეცემა, მეორეს მხრივ კი, იმ გამოცდილებას; ახალ უნარებს და ცოდნას, რომლებსაც ადამიანები მიგრაციის შედეგად იძენენ შეუძლია საქართველოს განვითარებას შეუწყოს ხელი.

ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დაბრუნებულ მიგრანტს არ ჰქონია დანიშნულების ქვეყანაში პოზიტიური გამოცდილება. ბევრი ქართველი მიგრანტი საზღვარგარეთ დაბალ პროდუქტიულ სექტორშია დასაქმებული და სარგებელი დაბრუნებისგან არის მცირე. უფრო მეტიც, კვალიფიციური მუშაკის ჩართულობა არადოკუმენტირებულ მიგრაციაში და მათი დასაქმება არაფორმალური ეკონომიკის სექტორში იწვევს ე.წ. „გონების გადინებას.“

ERGEM: რა სახის დახმარება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არის ხელმისაწვდომი დაბრუნებულთა რეინტეგრაციის ხელშეწყობისთვის?

ბატონი ირაკლი კოკაია: დაბრუნების შემდეგ, ქართველი მიგრანტები შეიძლება წააწყდნენ მრავალი სახის პრობლემას. არალეგალური მიგრანტები შეიძლება აღმოჩნდნენ განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში, რადგან ისინი შეიძლება მცირე რესურსებით ბრუნდებოდნენ. დაბრუნებულებს აქვთ მკაფიოდ გამოხატული ძირითადი საჭიროებები, როგორიცაა შემოსავალი, საცხოვრებელი ადგილი, და სერვისების ხელმისაწვდომობა, მაგრამ ისინი ასევე შეიძლება იყვნენ არასწორად ორიენტირებულნი კულტურული თვალსაზრისით, იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ ძალიან დიდი დრო დაჰყვეს. ზოგიერთ მათგანს ჰყავთ შვილები, რომლებიც შესაძლოა არ ფლობდნენ კარგად ქართულ ენას. ასე, რომ რეინტეგრაციის ბევრი სხვადასხვა განშტოება არსებობს.

მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად, სამინისტროში მობილური ცენტრი იქნა დაარსებული პროექტის „მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის“ ფარგლებში. აღნიშნული წარმოადგენდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც 2013 წლის დეკემბერში დასრულდა. სამი წლის განმავლობაში, ცენტრმა მიიღო და მომსახურება გაუწია 1,600-მდე დაბრუნებულ მიგრანტს, უზრუნველყო რა ისინი მომსახურების ფართო სპექტრით, როგორიცაა დროებითი საცხოვრებელი, ჯანდაცვის ხელშეწყობა, პროფესიული გადამზადება, დასაქმება, ბიზნესს ტრენინგი და ხელშეწყობა და ა.შ.

2014 წელსცენტრის მართვა IOM გადაიბარა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ‘საქართველოს მთავრობის შესაძლებლობის გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის სფეროში“ ფარგლებში. მისი საქმიანობის პირველ რამოდენიმე კვირაში, ცენტრი უკვე 70-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურა. პროექტის დასრულების შემდეგ ცენტრის მართვის პასუხისმგებლობას სამინისტრო აიღებს.

მაისი 2014, თბილისი, საქართველო