ICMPD აღმოსავლეთის განზომილება

martaijnინტერვიუ აღმოსავლეთის განზომილების დირექტორთან პრაღის პროცესთან დაკავშირებით

შეკითხვა: რა მოლოდინი გქონდათ პრაღის პროცესის მიმართ, როცა მიგრაციის შესახებ დიალოგის დაწყების იდეა 5 წლის წინ რეალურად განხორციელდა?

ბ-ნი მარტინ პლუიმი: თავდაპირველად, პრაღის კონფერენციის მიზანი იყო გარკვეული ფარგლების დადგენა ყველა მონაწილე სახელმწიფოსთვის, როგორიცაა ბუდაპეშტის პროცესი, ევროკავშირის დიალოგები ინდივიდუალურ ქვეყნებსა და სხვ. და მე ამის მიმართ დიდი მოლოდინი მქონდა: დასკვნები ძალიან კარგად იყო გაკეთებული, მიგრაციის ყველა სფეროს მოიცავდა და ყველა ქვეყანასთან გამართული კონსულტაციების შედეგად იყო შემუშავებული. თუმცა, შემდგომ ეტაპზე განხორციელებული პირველი პროექტის მიმდინარეობისას ნათელი გახდა, რომ ბევრ სახელმწიფოს უფრო სტრუქტურული დიალოგი უნდოდა, ხოლო პრაღის პროცესი, როგორც მას უწოდებდნენ, მიგრაციის შესახებ გამართულ დიალოგს დამატებით ღირებულებას შესძენდა, ბუდაპეშტის პროცესთან ერთად.

შეკითხვა: თქვენი აზრით, რა სარგებელი მოაქვს პრაღს პროცესის ფორმატს სახელმწიფოებისა და პრაქტიკოსებისთვის, მიგრაციის საკითხების განხილვის და თანამშრომლობის მხრივ?

ბ-ნი მარტინ პლუიმი: პრაღის პროცესის რეალური ინოვაცია იყო ის, რომ პრაქტიკულად ერთმანეთთან დააკავშირა აქტიური დიალოგი, კვლევა და შესაძლებლობის განვითარება. სხვათა შორის, მიგრაციის პროფილების განვითარების გზით, პრაღის პროცესმა უნიკალური ცოდნის ბაზა ჩამოაყალიბა მიგრაციის და მიგრაციის მართვის სტრუქტურების შესახებ და ამ ინფორმაციას ის ყველა სახელმწიფოს ინტერესებში იყენებს. სახელმწიფოების მიერ განხორციელებული სხვადასხვა საპილოტე პროექტი კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის კარგი პრაქტიკების გაზიარებას მიგრაციასთან დაკავშირებული ძალიან კონკრეტული საკითხების შესახებ. ამ მხრივ ეს პროცესი არა მარტო პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს უყრის თავს, არამედ ასევე მომუშავე პერსონალსაც, რაც დიალოგის ზეგავლენას კიდევ უფრო ზრდის.

შეკითხვა: პრაღის პროცესის რომელი სახის ღონისძიებები არის თქვენი აზრით ყველაზე ეფექტური (სემინარები, სამუშაო შეხვედრები, სასწავლო ვიზიტები, ტრენინგები, NCP შეხვედრები და ა.შ.)?

ბ-ნი მარტინ პლუიმი: საკითხი არ დგას ისე, თუ რომელი ღონისძიება არის ყველაზე ეფექტური. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ღონისძიებებმა ერთმანეთი მაქსიმალურად შეავსონ. მონაწილე სახელმწიფოებმა და სამდივნომ მუდმივად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია არა მარტო ინდივიდუალური ღონისძიებების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, არამედ განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორ არის დაკავშირებული ყველა ღონისძიება და ამ პროცესში ღონისძიებები საჭიროებებს მოარგონ ხოლმე. როგორც ზემოთაა აღწერილი, პრაღის პროცესი ყველაზე მეტად იმით არის ფასეული, რომ ის ყველა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას აერთიანებს და უზრუნველყოფს, რომ შედეგები ფართოდ იქნას გამოყენებული მიგრაციის სპეციალისტების, პოლიტიკის განმსაზღვრელი და სხვა პირების მიერ – არა მარტო პროცესის განმავლობაში, არამედ ასევე პრაღის პროცესის მიღმაც.

შეკითხვა: რას ნიშნავს პრაღის პროცესი საქართველოსთვის?

ბ-ნი მარტინ პლუიმი: საქართელო პრაღის პროცესის აქტიური მონაწილეა. ეს ფასეული დიალოგია ქვეყნისთვის, სადაც მთავარი საპილოტე პროექტები ხორციელდება არალეგალური და კანონიერი მიგრაციის, ასევე მიგრაციის და განვითარების (განსაკუთრებით კი ცირკულარული მიგრაციისას), თავშესაფრის და საერთაშორისო დაცვის მიმართულებით. საქართველო აქტიურად მონაწილეობს ყველა საპილოტე პროექტში, რადგანაც ეს სრულად ასახავს ამ ქვეყანაში არსებულ მიგრაციის პრიორიტეტებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს გაფართოებული მიგრაციის პროფილი. მისი მონაწილეობა ასევე ფასეულია სხვა მონაწილე სახელმწიფოებისთვის, განსაკუთრებით კი იმ დიდი გამოცდილების გამო, რაც საქართველომ ბოლო წლების მანძილზე დააგროვა ახალ მოთხოვნებზე მიგრაციის მართვის სტრუქტურების მორგების შედეგად. საქართველოში ამ ბოლო პერიოდში განხორციელებულ რელევანტურ ღონისძიებებში შედის სამუშაო შეხვედრები, სასწავლო ვიზიტები და სხვა გაცვლითი აქტივობები საპილოტე პროექტის ფარგლებში. ქართველი მონაწილეებიც ასევე აქტიური წარმომადგენლები და ღირებული პარტნიორები არიან ოფიციალური პირებთან და ძირითად ჯგუფებთან შეხვედრის განმავლობაში.

შეკითხვა: როგორ ხედავთ პრაღის პროცესის მომავალს? / რა მიმართულებით უნდა წავიდეს პრაღის პროცესი მომავალში?

ბ-ნი მარტინ პლუიმი: ზოგჯერ მიჩნდება აზრი, რომ პრაღის პროცესს აკლია აღწერითი ნაწილი, უფრო მეტი ხელშესახები მიზანი, რომელიც მარტივად შეიძლება ვაცნობოთ სამიზნე აუდიტორიას, ვინც ჩემთვის მიგრაციის სპეციალისტები არიან ყველა მონაწილე ქვეყანაში. მე არ ვფიქრობ, რომ ამ პროცესმა მიმართულება უნდა შეცვალოს – ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი – უბრალოდ, კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს სპეციალისტების ჩართვის გზა სახელმწიფოებში, ასევე, მაგალითად, ევროკომისიაში. შესაძლოა, რომ ამ პროცესმა უფრო სწრაფად უნდა მოახდინოს რეაგირება ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და, საჭიროებიდან გამომდინარე, სპონტანური საკონსულტაციო განხილვები მოაწყოს მწვავე საკითხებზე. თუმცა, ამისთვის მას უფრო მოქნილი დაფინანსების ბაზა უნდა ჰქონდეს, ევროკომისიის მიერ ამჟამად გამოყოფილი საკმაო ფინანსური დახმარების გარდა.

შენიშვნა: წინამდებარე ინტერვიუს ნაწილი გამოქვეყნებულია „პრაღის პროცესის“ „კვარტალურ მიმოხილვაში“ #3.