საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

Untitledინტერვიუ ბატონ დავით ბაქრაძესთან, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

ENIGMMA: საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ახლახანს მოაწერა ხელი, რაც საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორ შეაფასებდით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს?

ბ-ნი დავით ბაქრაძე: ბოლო წლებში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) კომპონენტის ჩათვლით, 27 ივნისს, ქ. ბრიუსელში მოეწერა ხელი. საქართველოს პარლამენტმა უკვე მოახდინა ხელშეკრულების რატიფიცირება. რატიფიკაციის პროცესი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კვლავაც მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირების ხელშეკრულების დებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, DCFTA-ის ჩათვლით, ძალაში 1 სექტემბერს შევიდა. 3 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ ასოცირების ხელშეკრულების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა 2014 წლისათვის და წარმატებით ასრულებს. აღნიშნულმა ჩაანაცვლა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. ამ ეტაპზე, ჩამოყალიბებული გვაქვს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების სამოქმედო გეგმა 2015 წლისათვის, რომელიც გაცილებით უფრო ყოვლისმომცველი დოკუმენტია და DCFTA-ის განხორციელებასაც მოიაზრებს. უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესის მონიტორინგის მიზნით შეიქმნა ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტი, თემატური ქვე-კომიტეტები და ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებაც ჩართული იყოს ასოცირების ხელშეკრულების ჩამოყალიბებისა და მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგში. ჩვენ ასევე წარმატებით ვახორციელებთ რეფორმებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ფარგლებში. პირველი – საკანონმდებლო ფაზა უკვე დასრულებულია და ჩვენ უკვე დავიწყეთ მეორე – იმპლემენტაციის ფაზა.

ENIGMMA: როგორ შეუწყობს ხელს ასოცირების დღის წესრიგი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას?

ბ-ნი დავით ბაქრაძე: ასოცირების დღის წესრიგის სტრუქტურა ეფუძნება ასოცირების ხელშეკრულებას. დოკუმენტი თანამშრომლობის უფრო კონკრეტულ სფეროებზე ამახვილებს ყურადღებას და განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სავაჭრო პრიორიტეტებს, რომლებიც 2014-2016 წლებში ევროკავშირის დახმარებით უნდა შესრულდეს. ასოცირების სამ წლიანი დღის წესრიგი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას მოიაზრებს.

ENIGMMA: რა არის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები მიგრაციის სფეროში, რომლებსაც ასოცირების ხელშეკრულება და დღის წესრიგი ითვალისწინებს?

ბ-ნი დავით ბაქრაძე: ასოცირების დღის წესრიგი მიგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის მიგრაცია, თავშესაფრის პოლიტიკა, საზღვრის ეფექტიანი მართვა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანთა ტრეფიკინგი, ფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება და უკანონო წამლების მიმოქცევა. ამასთან, საქართველო, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, მიგრაციის საკითხების შესახებ ქვეყნის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივ, მუდმივ და აქტიურ საინფორმაციო კამპანიებს ატარებს.

ENIGMMA: რა არის მოსალოდნელი შემდგომში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისაგან?

ბ-ნი დავით ბაქრაძე: უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ეფექტიან განხორციელებას პოზიტიური გავლენა ექნება საქართველოს ევროპული იდენტობის გაძლიერებაზე, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესისა და ჩვენი ევროპული პარტნიორების მხრიდან პოლიტიკური დახმარების შეუქცევადობაზე, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება (DCFTA) მნიშვნელოვნად გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს, მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს, გამოიწვევს ეკონომიკურ ზრდას და ზოგადად ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციას. მეტიც, ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შემდგომ გაღრმავებას. ამას გარდა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სარგებელი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე არის დამოკიდებული. ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იმედია, ევროკავშირის ჩართულობა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მოგვარებაში კიდევ უფრო გაღრმავდება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის გაძლიერებით. ასოცირების ხელშეკრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას, აფხაზეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობის ჭრილში.

ამასთან, საქართველო ევროკავშირის პარტნიორია ევროპის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის კუთხით და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით.

ამ ეტაპზე ჩვენ აქტიურად ვემზადებით “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისათვის, რომელიც 2015 წლის მაისში, ქ. რიგაში გაიმართება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ისტორიული სამიტი იქნება, სადაც მივიღებთ ნათელ მესიჯს საქართველოს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივის შესახებ, ისევე როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პოზიტიურ შეფასებას.