დიასპორის წევრების ისტორიები

დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა საქართველოს ცხოვრებაში ICMPD-ის მაღალპროფილური დიასპორის ჩართულობის შესახებ პროგრამის ძირითადი ნაწილია. აღნიშნული პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ENIGMMA-ს ფარგლებში ხორციელდება. დიასპორის ბევრი წარმომადგენელი მსოფლიოს მაშტაბით ცდილობს ურთიერთობის შენარჩუნებას თავიანთი წარმოშობის ქვეყანასთან და ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მათ განვითარებაში. თუ ჩვენ გადავხედავთ ქართველებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ შევამჩნევთ, რომ მათ შორის მაღალი დონის სპეციალისტები და ექსპერტები არიან, რომლებიც ახალ იდეებს და საინტერესო პროექტებს ახორციელებენ. მათი განვითარების პროცესებში ჩართვა და მათთან მჭიდრო კავშირის დამყარება სასარგებლო იქნება საქართველოსათვის, ისევე როგორც თავად მათი პიროვნული განვითარებისათვის (კარიერული ზრდა, აღიარება, საქართველოსთან სიახლოვე, კავშირების დამყარება, საჯაროობა და ა.შ.)

ვებგვერდის ამ ნაწილში ჩვენ ვთავაზობთ შესაძლებლობას დიასპორის წარმომადგენლებს, გაგვიზიარონ თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილება უცხო ქვეყანაში, მათ შორის ის წინააღმდეგობი რისი დაძლევაც მოუხდათ, კულტურული შოკი რაც განიცადეს, ისევე როგორც სასიამოვნო ნაცნობობა, რომელიც შეიძინეს მათი საზღვარგარეთ მოღვაწეობის განმავლობაში.

თუ თქვენ გსურთ გაგვიზიაროთ თქვენი ისტორია, მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: enigmma@icmpd.org

ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენთვის გამოგზავნილ ისტორიებს:

iana_maisuradze_belgiumიანა მაისურაძე, ბელგია: თორმეტ წლამდე საქართველოში ვცხოვრობდი, ვსწავლობდი მეორე გიმნაზიაში, ახლა უკვე 195-ე საშუალო სკოლაში. 2008 წელს, მშობლების პროფესიიდან გამომდინარე მომიწია უცხოეთში გამგზავრება. ბავშვი ვიყავი და შესაბამისად ბელგია ჩემი არჩევანი არ ყოფილა, თუმცა ბრიუსელში გატარებულ არცერთ წუთს არ ვნანობ, ვინაიდან ამ ქალაქმა ბევრი რამ შემძინა. რა თქმა უნდა თვიდან გამიჭირდა. 12 წლის ასაკში ჩემთვის აბოსლუტურად უცხო გარემოში აღმოვჩდი, სადაც არავის არ ვიცნობდი. ბრიუსელის ამერიკულ სკოლაში ინგლისურად სწავლა ძალიან რთული აღმოჩნდა. თუმცა დიდი ძალისხმევით და ასევე მშობლებისა და მასწავლებელების თანადგომით სკოლა წარმატებით დავამთავრე. ამ სკოლის მადლიერი ვარ. ბევრი სასარგებლო უნარ-ჩვევები გამოვუმუშავე: შრომის დისციპლინა, ბრძოლისუნარიანობა. აკადემიური სირთულეების გარდა ძალიან გამიჭირდა მეგობრებთან და ახლობლებთან განშორება. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი რომ ძლიან გამიმართლა. ევროპაში გატარებული წლები და მიღებული განათლება საშუალებას მაძლევს ჩემს გეგმებს ხორცი შევასხა.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ვენაში, ვებსტერის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე განვაგრძე. ვენაში გატარებული დრო ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჩემს ცხოვრებაში. ბრიუსელში მიღებულმა გამოცდილებამ ავსტრიაში საზოგადოებასთან ადაპტაცია გამიადვილა. მოვიხიბლე ვენის არქიტექურითა და ხელოვნებით. ასევე სიამოვნებას მანიჭებდა ის რომ ჩემთვის საინტერესო და სასურველ პროფესიას ვეუფლებოდი.

შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა რომ ბრიუსელში დაბრუნების საშუალება მომეცა. ვინაიდან ეს ქალაქი ჩემთვის ძალიან ახლოსაა, აქ დაბრუნების შანსი ხელიდან არ გავუშვი და სწავლა გავაგრძელე ლიუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, რომელიც მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულში შედის. ეს ჩემთვის პირველი შეხება იყო ევროპული უნივერსიტეტების სისტემასთან, რომელიც ამერიკული სისტემისგან რადიკალურად განსხვავებულია. უნივერსიტეტის შეცვლის შემდეგ, მივხვდი რომ ახალი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდი. ჩემს თანატოლებს ვურჩევ, უკან არ დაიხიონ, იბრძოლონ და იშრომონ თავიანთი მიზნებისთვის, რადგანაც მიზანმიმართული და  განათლებული ახალგაზრდები სარგებელს მოუტანენ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ქართულ საზოგადოებასა და სახელმწიფოს.  __________________________________________________________________________________________________

keti_archaia_franceქეთი არჩაია, საფრანგეთი:  სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების გადაწყვეტილება დიდნაწილად განაპირობა იმ ერთმა წელიწადმა, რომელიც ამერიკაში გავატარე როგორც FLEX-ის პროგრამის მონაწილემ როცა 15 წლის ვიყავი. საქართველოში რომ დავბრუნდი, სწავლა თბილისის ამერიკულ აკადემიაში გავაგრძელე, სადაც მოსწავლეებს საზღვარგარეთ სწავლისთვის კარგად ამზადებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან მიყვარს, სკოლის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე სწავლა დასავლეთ ევროპაში გამეგრძელებინა, იქაურ კულტურას გავცნობოდი და დაგროვილი ცოდნით დავბრუნებულიყავი საქართველოში. მაგრამ ამერიკული განათლების სისტემას ვერ შეველიე და საბუთები ევროპაში არსებულ ამერიკულ უნივერსიტეტებში გავაგზავნე. ჩემი საბოლოო არჩევანი მეტნაწილად სწავლის დაფინანსებამ განაპირობა – პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში მივიღე სრული დაფინანსება და ამიტომაც გადავწყვიტე აქ წამოვსულიყავი.

2014 წელს ჩამოვედი პარიზში – ქალაქში, სადაც არავის ვიცნობდი. ყველაზე მეტად სწორედ ეს მაშინებდა. გამიჩნდა დაუცველობის შეგრძნება – მივხვდი, რომ მარტო ვარ და ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ამავდროულად ძალიან კარგი – ხდები დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და მიზანმიმართული.

ძალიან მოვიხიბლე ფრანგული კულტურით. მხიბლავს ფრანგების თავაზიანობა, მათი ინდივიდუალიზმი და მათი სიყვარული ხელოვნებისადმი. თუმცა ძალიან არ მომწონს ზედმეტად ბიუროკრატიული სტრუქტურები საფრანგეთში, რაც ბევრ რამეს ართულებს.

ყველაზე მეტად ჩემი უნივერსიტეტის განათლების სისტემა მომწონს, რომელიც ამერიკული ლიბერალური განათლების პრინციპებს ეყრდნობა: სტუდენტებს არაფერში ზღუდავენ და ანალიტიკურად აზროვნებას ასწავლიან. ლექციები ძალიან ინტერაქტიულია და სტუდენტის ნიშანს ძირითადად მისი აქტიურობა განაპირობებს.

ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, მხარს ვუჭერ და მივესალმები ახალგაზრდების სურვილს წავიდნენ საზღვარგარეთ. დღევანდელ რეალობაში, სადაც გლობალიზაცია დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო ურთიერთობებში, აუცილებელია ქვეყნებს შორის რესურსების მიმოცვლა. ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი კი რათქმაუნდა განათლებაა, მისი მატარებლები კი საზღვარგარეთ წასული ახალგაზრდები არიან.

ვისაც წასვლის სურვილი აქვს ვურჩევ კარგად მოემზადონ ამისთვის. ძალიან დიდი სიმტკიცე, შრომა და პასუხისმგებლობაა საჭირო იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მარტო იცხოვრო. ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც შორიდან ჩანს, მაგრამ ის კულტურული და ინტელექტუალური განვითარება, რაც ამ გადაწყვეტილების შედეგია, ღირს ყველა სირთულედ.

ჩემი ყველაზე დიდი რჩევა ამ ახალგაზრდებისთვის არის ის, რომ არ დაივიწყონ საქართველო და ეცადონ დაბრუნდნენ სამშობლოში. ის გამოცდილება და ცოდნა, რასაც სხვა ქვეყნებში ვიღებთ, ძალიან სჭირდება საქართველოს. ჩვენი ქვეყანა ჩვენ ვართ და ჩვენზეა დამოკიდებული მისი მომავალი.

___________________________________________________________________________________________________

ana_lejava_usaანა ლეჟავა, ამერიკის შეერთებული შტატები:  ბავშვობიდან ცეკვაზე ვარ შეყვარებული. ჩემი ოცნება იყო სცენაზე დგომა და ფართო აუდიენციიების მოხიბვლა იმ ხელოვნებით რომელშიც ძალიან დიდ შრომას ვდებდი პატარა ასაკიდან. 5 წლიდან ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი და 10 წლის ასაკში გადავედი ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელში, რომელიც ერთადერთი პროფესიონალური საბალეტო განათლების სკოლაა დღემდე მთელ საქართველოში. 2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრის დროს სასწავლებელი დაინგრა, და ძალიან მძიმე პირობებში მოგვიწია სწავლის გაგრძლება. ამ დროს ბევრმა მოსწავლემ დატოვა თბილისი, იმისთვის რომ მოსკოვში ან პეტერბურგში გაეგრძელებინათ სწავლა. მეც რა თქმა უნდა უკეთეს პირობებში მსურდა ტრეინიგის და პროფესიონალური განვითარების გაგრძელება თუმცა,თავიდანვე ამერიკის შეერთებულ შტატებზე გავაკეთე აქცენტი. ძალიან მხიბლავდა ყველა ის ფასეულობა და კანონები რაზეც ეს ქვეყანა იყო დაფუძნებული და ცნობისმოყვარეობით სავსე მსურდა უკეთ გამეცნო ჯორჯ ბალანჩინის მეორე სამშობლო. 2005 წელს გამიმართლა რომ ჩემმა მამიდამ და მისმა მეუღლემ, რომლებიც საქართველოს საკონსულოში მუშაობდნენ ვაშინგტონში, ჩემი ცეკვის ვიდეოების ჩვენება შესძლეს ბატონ ვლადიმირ ჯულუხაძისა და ბატონ ოლეგ ვინოგრადოვსთვის, ვაშინგტონში კიროვის საბალეტო აკადეემის რეპეტიტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. რის შემდეგაც მომივიდა მოწვევა და სრული დაფინანსებით კიროვის აკადემიაში გავაგრძელე ტრეინინგი. მკაფიოდ მაქ ჩაბეჭდილი ჩემს მეხსიარებაში ვაშინგტონში პირველი დღე და დალასის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენა. სულ რამოდენიმე დღე იყო რაც 15 წელი შემისრულდა, და ასევე ორი კვირა იყო გასული ჩემი უსაყვარლესი ბაბუს გარდაცვალების შემდეგ. ბაბუს ჩემთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ სამყაროში ყველაფერი კანონზომიერია და ყოველთვის ცუდს კარგი მოსდევს თან. ბაბუს გარდაცვალების შემდეგ ჩემი ამერიკაში ჩამოსვლა ზუსტად ამ კანონზომიერების ნაწილად ჩავთვალე და მიზანდასახულად შეუდექი საქმიანობას. მიუხედავად იმისა რომ ჩემი ნინო და ბექა ყოველ შაბათ-კვირას მაკითხავდნენ აკადემიის საერთო საცხოვრებელში, მაინც ძალიან მენატრებოდნენ ჩემები,  თბილისი, და ჩემი სოფელი. მონატრების გრძნობის გადალახვა და დამოუკიდებლად გამკლავება ცხოვრებისეული პრობლემების, პირველი წელი განსაკუთებით რთული იყო. ძალიან გამიმართლა იმით რომ ჩვენს აკადემიაში ერთი-ერთი პიანისტი ქართველი აღმოჩნდა და უზომოდ დიდი ინტელექტუალური და ემოციური კავშირი ვიპოვე ამ ადამიანთან. ამერიკელმა კლასელებმა ძალიან კარგად მიმიღეს. მიუხედავად ჩვენს პროფესიაში არსებული უზომოდ დიდი კონკურენციისა, დიდი ეთიკეტით, კონსტრუქციულობით და სილაღით გამოირჩეოდნენ. ამერიკაში რაც ყველაზე მეტად მომწონს ზუსტად ეს არის, ადამიანების სილაღე და თავისუფლების სწორი აღქმა. ახალგაზრდებსაც რომლებიც აპირებენ ამერიკაში სწავლის ან მუშაობის გაგრძელებას ვურჩევდი რომ მიეჩვიონ სილაღეს, თავდაჯერებულობას, და თავიანთი ინდივიდის განვითარებას. ამერიკა ევროპისგან განსხვავებით ინდივიდუალიზმის მექაად და ჯუნგლების კანონებში არსებობს. ნებისმიერი კრახის და დაბრკოლების დროს საუთარი თავი ხელში უნდა აიყვანო და გააგრძელო შენს გზაზე სიარული და ბრძოლა. ეს გზა შეიძლება გრძელდებოდეს ამერიკაში, შეიძლება ბრუნდებოდეს საქართველოში ან სხვა კონტინენტზე. მთავარი არ არის ამერიკაში დარჩენა, მთავარია ის რომ გსიამოვნებდეს შენს გზაზე სიარული იმ მიმართულებით რომელსაც აირჩევ. მიუხედევად სირთულეებისა, რაც იმიგრაციას მოჰყვება, მთავარია იცოდე რა გინდა და რისთვის იცვლი შენს ადგილმდებარეობას. ასეთ შემთხვევაში როგორც კოელიომ ბრძანა მთელი სამყარო გეხმარება შენი ოცნების მიღწევაში და ასე რომ საშიშიც არაფერია.

___________________________________________________________________________________________________

tsisia-ninikelashvili_germany

ცისია ნინიკელაშვილი, გერმანია: ყოველთვის, როდესაც მეკითხებიან, თუ რატომ გადავწყვიტე საზღვარგარეთ გამგზავრება, მახსენდება პირველ რიგში ჩემი სკოლა, რომელმაც ლომის წილი შეასრულა ჩემთვის გერმანული ენისა და გერმანიის შეყვარების საქმეში. დავამთავრე თელავის N9 საჯარო (გერმანული) სკოლა. 2010 წელს სამკვირიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვსწავლობდი ბიბერახის გებჰარდ-მიულერის სკოლაში. ამ პროექტმა ნათელი გახადა, თუ რა მინდოდა მომავალში მეკეთებინა და სად შევძლებდი ჩემი მიზნებისთვის ფრთების შესხმას. ჩემი მიზანი კი ერთადერთი იყო და რჩება დღემდე – უმაღლესი განათლება გერმანიის უნივერსიტეტში.

2012 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამოვედი გერმანიაში Au-Pair-ის პროგრამით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ოცნება იყო, თუმცა საშუალება კი გახლდათ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ამ დროისთვის გერმანიაში არავინ მყავდა, გარდა ჩემი საუკეთესო მეგობრისა და რამდენიმე წერილის ამხანაგისა. ასე დავტოვე 19 წლის ასაკში ჩემი საყვარელი ოჯახი, ნათესავები და მათთან ერთად ჩემი ბავშვობაც. ბავშვობა-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოში რამდენი წლისაც არ უნდა იყო, როცა ოჯახთან ახლოს ხარ, ყოველთვის ბავშვი გგონია თავი – ისე მიგეალერსება ბებია. ყველაზე მეტად მაინც მონატრებაა ის, რის გამოც ჩვენ, ქართველებს, გვიჭირს უცხო ქვეყანაში ცხოვრება. სხვა დანარჩები ყოფითი პრობლემები რა მოსატანია, მით უმეტეს, რომ ასეთ პრობლემებს ბავშვი თუ კაცი შეჩვეულნი ვართ ჩვენს სამშობლოშიც.

გერმანია ევროპის წამყვანი ქვეყანაა, ამიტომ აქ მიგრანტთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. ესაა ალბათ საფუძველი იმისა, რომ უცხო საზოგადოებას მე არც ცივად და არც თბილად მივუღივარ. ჩვენთვის სიტყვა „უცხოელს“ სხვა მნიშვნელობა აქვს, ვიდრე აქ. არც დიდი სტუმართმასპინძლობით გამოირჩევიან ისინი, მაგრამ ვერაფერს იტყვი, მათთვის ხომ სკოლაში არავის წაუკითხავს ვაჯას პოემა „სტუმარ-მასპინძელი“.

თუ მკითხავდნენ, რა მომწონს ამ ქვეყანაში და რას ვისურვებდი, ქართველებსაც გვქონდეს, ვიტყოდი, რომ ეს არის დაგეგმვის, მომზადებისა და განხორციელების კულტურა. ეს არის უდიდესი ნაბიჯი წარმატების მისაღწევად. ზემოთ ჩამოთვლილთაგან კი უპირველესია დაგეგმვა, რადგან თუ სწორად არ დაგეგმე, არც ამ გეგმის მომზადებასა და შემდეგ განხორციელებას ექნება აზრი. ესაა, ალბათ, ის, რასაც ვეტყოდი იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ ან სკოლა დაამთავრეს და აპირებენ საზღვარგარეთ წამოსვას. დაგეგმეთ თქვენი მომავალი, კარგად შეაჯერეთ თქვენი მისწრაფებები და შესაძლებლობები. გაითვალისწინეთ პატარა დეტალიც კი და იბრძოლეთ თქვენი გეგმის ნიადაგის მომზადებისა და განხორციელებისათვის.

იმედს ვიტოვებ, ჩვენი თაობა შეძლებს სწორად დაგეგმოს საქართველოს მომავალი!